logo_geo
eng_logo
„არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, მოსახლეობა სჯის საკუთარ თავს და საკუთარ სამშობლოს“
- +

4 ოქტომბერი. 2016. 12:47



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესში არჩევნების, ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობას და სამოქალაქო ვალდებულებებს ეხებოდა.



გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს არჩევნებზე მისვლისკენ და მათი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნები ქვეყნის განვითარების შესაძლებლობის მიმცემი პროცესია, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მოქალაქეების პირდაპირი ვალდებულებაა.



მე არ მოგიწოდებთ, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან პარტიას მისცეთ ხმა, ამ პროცესში ყველაზე უმთავრესი, თქვენი მონაწილეობაა, რომელიც ჩვენს სამშობლოს მიზნისკენ სწრაფვის შესაძლებლობას მისცემს. თქვენი არჩევანი დამოუკიდებელი უნდა იყოს და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა კი ჩვენი წინა თაობების მონაპოვარია. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს უფლება. არჩევნებში მონაწილეობის პროცესში ხორციელდება დემოკრატია და იწყებს მუშაობას დემოკრატიული სახელმწიფო",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.



გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, მოსახლეობა სჯის საკუთარ თავს და საკუთარ სამშობლოს, საკუთარ თავს ართმევს დემოკრატიული, პოლიტიკური პროცესების მართვის უფლებას.



საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას, პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიხედვით ჩამოაყალიბონ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი და არჩევნებზე გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით მიიღონ.



მე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად გავითვალისწინებ პარტიის საგარეო კურსს, მის ეკონომიკურ პროგრამას და სასამართლო რეფორმისადმი მის დამოკიდებულებას. ეს სამი მიმართულებაა ჩემთვის გადამწყვეტი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.



მარგველაშვილი ურჩევს პოლიტიკურ პარტიებს, წინასაარჩევნო პერიოდში გადასახლდნენ რეგიონებში, იცხოვრონ სოფლებში, გაეცნონ მოსახლეობის პრობლემებს და გაითვალისწინონ საზოგადოების დაკვეთა.



უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კონკურსის „შენი ხმა - ჩვენი მომავალი" გამარჯვებული სამცხე-ჯავახეთის გუნდი, ახალციხის მე-6 საჯარო სკოლიდან, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს.



პრეზიდენტს უნივერსიტეტში, სასწავლებლის რექტორმა მერაბ ბერიძემ უმასპინძლა და ის პროექტები მიმოიხილა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.



პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2014 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან „ურთიერთთანამშრომლობის შესახებ" მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდა უნივერსიტეტის ახალქალაქის აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსების ინტერნეტიზაცია, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია და დაწესდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდია, მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობის პროექტი. ჯამში უნივერსიტეტმა 95 000 ლარის დაფინანსება მიიღო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner