ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" 5 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ისინი პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან და სამართალდამცავებს მოუწოდა, რომ მაქსიმალური სიფხიზლე გამოიჩინონ.
„დღეს საზოგადოება და ხელისუფლება არის თანხვედრაში. ყველას უნდა მშვიდი, წყნარი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები, გარდა იმ ძალისა, რომელიც იქადნება, რომ მოვა ხელისუფლებაში და ამბობს, თუ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, ე.ი. არჩევნები გაყალბებულიაო. ამ ყველაფერს ემსახურება „GFK"-ს კვლევაც, რომ დაძაბულობა შექმნან. რეალურად დაძაბულობის შექმნა არ გამოუვათ, რადგან ხალხი არის სხვა განწყობით.
5 ოქტომბერს აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას" აქცია. მათი ლოგიკით, უნდა მოახდინონ პროვოკაცია, შფოთი, რომ ჩირქი მოსცხონ წყნარ საარჩევნო გარემოს. ყველას ვთხოვ, რომ იყვნენ ყურადღებით, როგორც სამართალდამცველები, ასევე ჟურნალისტებიც. პროვოკაციები რეალურად ისევ „ნაციონალებს" მიუბრუნდებათ.
არეულობის მოწყობისკენ „ნაციონალებს" მიხეილ სააკაშვილი უკიჟინებს, თორემ ცხადია, მათ მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა უნდათ",- განაცხადა ქანთარიამ.