მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დამოუკიდებლად არასოდეს მოქმედებდა. გარდა იმისა, რომ ჰყავს „ნაცბანდა", ასევე იყენებდა და იყენებს ბიძამისის კონტაქტებს და დარიგებებს. „კაგებეს" ყოფილმა მაღალჩინოსანმა თემურ ალასანიამ მიშას გვერდში მდგომად დასაწყისშივე შეურჩია თავის დროზე თავისი საქმიანი პარტნიორი, ახლო მეგობარი, ალექსანდრ (საშა) ბოროვიკი. სააკაშვილის გვერდით გაჩნდა ასევე მეორე, ანუ დამხმარე „ლობისტი", მოლი მაკკიუ. „მაიდნის რევოლუციის" შემდეგ საშა ბოროვიკი კიევში გერმანიიდან ჩაიყვანეს (წარმოშობით უკრაინელი გერმანიის მოქალაქე გახლდათ) და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, მაგრამ თანამდებობა მალევე მიატოვა, მე არავინ არაფერს მეკითხებოდა, უჩემოდ წყვეტდნენ საკითხებსო. პრემიერ-მინისტრ იაცენიუკსა და მთავრობის დანარჩენ წევრებს ბოროვიკის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ - ის საბჭოთა „კაგებეს" გამოზრდილია. ამის შემდეგ, ყველას გასაკვირად, თემურ ალასანიას მეცადინეობით, სააკაშვილმა საზოგადოებას ის თავის თანაშემწედ წარუდგინა, რომელსაც ფაქტობრივად, ურთიერთობების ჩამოყალიბება და „თამაშის წესების" გაცნობა დაევალა იმ ბიზნესმენებისათვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ, ფინანსები გაეღოთ ოდესის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობისთვის. ინკოგნიტო წყაროს თქმით, ოდესაში ბოროვიკმა ადეიშვილ-კეზერაშვილ-ახალაიას ფუნქციები ერთდროულად შეასრულა:
„იგი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა და უთმობს პროფესიონალ „ზონდერთა" საძმოს შექმნა-გაფართოებას, აღნიშნული დაჯგუფების შექმნის შესახებ ინფორმაცია ოდესაში, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნიდან, ძალიან მალე გავრცელდა. საშა ბოროვიკი დაიბადა ლვოვში, 4 წელი სწავლობდა მოსკოვში, „კაგებეს" უმაღლეს სკოლაში. შემდეგ (სავარაუდოდ „კაგებეს" მითითებით) წავიდა პრაღაში, ჩეხეთის იმდროინდელ პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველთან. ცოტა ხანში, გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც თავად აცხადებს, ისწავლა ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში. თუმცა, ჰარვარდის სკოლის მონაცემთა ბაზაში მასზე ინფორმაცია არ იძებნება. შემდეგ ბოროვიკმა მუშაობა გააგრძელა „მაიკროსოფტის" პროგრამული უზრუნველყოფის, გაყიდვებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა გაერო, ევროსაბჭო და ევროკავშირი... და აი, უცებ, უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხდება. რაც შეეხება ქალბატონ მოლი მაკკიუს, ის 1998-2000 წლებში მუშაობდა ძმებ პოდესტების მიერ დაარსებულ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ კომპანია „პოდესტა გროუპში". შემდეგ ის თავად ქმნის ლობისტურ კომპანიას, მავანთა შუამავლობით უკავშირდება „ნაცმოძრაობას" და 2010 წლიდან ხდება საქართველოს უშიშროების საბჭოს კონტრაქტორი (ამ დროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია). მოლი მაკკიუს ერთ-ერთი მოვალეობა, საქართველოსთან დაკავშირებული საქმეების წარმოება გახლდათ. მომსახურებაში ასევე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისათვის, საჯარო გამოსვლებისა და განცხადებების მომზადებისას, რჩევის მიცემაც შედიოდა. 2010 და 2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ" მაკკიუს მომსახურებაში, 600-600 ათასი, ანუ სულ მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. ეს ადამიანი, საშა ბოროვიკთან ერთად, გახდა სააკაშვილის მრჩეველია ოდესაში".
კონფიდენციალური წყაროს თქმით, „საპასუხისმგებლო" საქმეებით დაკავებულ სააკაშვილის მრჩევლებს, „ჩეპეც" მოუვიდათ. საქმე ის არის, რომ მათ მიერ განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა შესასრულებლად, საიდუმლოდ აყვანილ, წარმოშობით მოლდოველ, სისასტიკით გამორჩეულ ყოფილ სპეცრაზმელს, ალექსანდრე ორელანშს ახალგაზრდა მამაკაცი ცემაში შემოაკვდა. „უბედური შემთხვევა" მაშინ მოხდა, როცა მიხეილ სააკაშვილი და მოლი მაკკიუ ერთ-ერთი პარკის მიმდებარედ, ბარში სადილობდნენ:
„როგორც ჩანს, კუნთმაგარმა ორელანშმა მაინც არასწორად გაიგო ბოროვიკის დაპირება, დავალებები შეასრულე, ნებისმიერი სიტუაციიდან დაგიხსნით, რა პრობლემაც არ უნდა შეგექმნასო. ვინაიდან, ყოფილმა სპეცრაზმელმა ეს „მკვლელობის ლიცენზიად" ჩათვალა, სიცოცხლეს გამოასალმა კაცი, რომელიც პარკში ქალთან ერთად სეირნობდა. ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი მაშინ გახდა, როცა მიხეილ სააკაშვილი პირადად მივარდა პოროშენკოსთან და ყველანაირად სცადა პროკურორებისა თუ მოსამართლეების დაყოლიებაც. მიშამ იმდენი იჩალიჩა, მკვლელი იზოლატორიდან მაინც დაიხსნა. მეტიც, საყვარელიძისა და ადეიშვილის განსაკუთრებული „ნიჭის" წყალობით, უკრაინის საზღვარზე ორელანშის გაპარება ზედმეტი ხმაურის გარეშე მოხდა. ალბათ, აქ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მკვლელების „გაპრავება" გახსენდებათ. სააკაშვილს თავისი სტილი აქვს - ადამიანებს კი იყენებს ბინძურ საქმეებში, მაგრამ თუ ჩავარდნენ, პატრონობაც შეუძლია, ოღონდ იძულებით. სააკაშვილისთვის ამ შემთხვევის მიჩქმალვას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - მან იცოდა, რომ თუ საქმეს შემდგომი მსვლელობა მიეცემოდა, ინფორმაცია პრესაში გაჟონავდა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვებოდა და მის „ზონდერ-ბრიგადას" საფრთხე შეექმნებოდა; მეორე - საფრთხე არსებობდა თავად დაკავებული ორელანშისგანაც, მკვლელობის მუხლით გასამართლების შემთხვევაში ალაპარაკდებოდა და ბევრ საიდუმლოს დაფქვავდა, ის იმუქრებოდა კიდეც. პრინციპში, უკრაინის ციხეში მისი მოშორება არ იქნებოდა პრობლემებთან დაკავშირებული, მაგრამ „საძმოს" დანარჩენი წევრები გაიგებდნენ და პანიკაში ჩაცვივდებოდნენ, გაუჩნდებოდათ ეჭვი, რომ ოდესღაც მათი რიგიც დადგებოდა. ამ ამოცანას სააკაშვილმა თავი წარმატებით გაართვა, დანარჩენებისთვის მაგალისთის მისაცემად, ორელანში კბილებით დაიცვა. თუმცა მიშა საშას, მოლის და ბიძამისს მაინც გაუნაწყენდა, გუნდში ასეთი აფექტური პიროვნების მიღების გამო, მათ სამი კვირა არ ელაპარაკებოდა... თუმცა, როგორც ამბობენ, მიშა იმდენად დავალებულია ბოროვიკთან, ამ უკანასკნელმა იმდენი რამ იცის „ნაციონალების" ორმაგ საქმიანობაზე, სიტუაცია ბოლომდე არ დაძაბა და ბოლოს მაინც შეურიგდა".
რაც დრო გადის, მიხეილ სააკაშვილი, თავის „ზონდერებთან" ერთად, უფრო საშიში ხდება არა მხოლოდ უკრაინისთვის, საქართველოსთვისაც. ახლა, როცა არჩევნები კარზეა მომდგარი და უკრაინიდან იმუქრება, ეს ყველაფერი საჭიროებს დაფიქრებას, გაანალიზებას და დიდ ყურადღებას ქართველი სამართალდამცავების მხრიდან. სააკაშვილს ჰყავს გაწვრთნილი სისხლისმსმელები, რომელთა შემოპარებაც ნამდვილად შეუძლია საქართველოში.