ალბათ, მსოფლიოში არც ერთ ერს არა აქვს საკუთარ მომავლის ისეთი კარდინალურად განსხვავებული ხედვა, როგორც ჩვენ, ქართველებს. რა თქმა უნდა, თუკი იმ ყოვლად უმსგავსო რეაქციებს, რომლებსაც მათი გამოხატვისას ვამჟღავნებთ, ხედვა შეიძლება ეწოდოს. საქართველოში არათუ დაბალია საზოგადოებრივი ქცევის, პროტესტის საჯაროდ გამოხატვის, საეთერო პოლემიკის კულტურა, იგი უბრალოდ არ არსებობს. ამაზრზენია უკვე მოქმედი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკოსობაზე მეოცნებე დეპუტატობის კანდიდატთა უზრდელური ქცევები, სკაბრეზული ლექსიკა, რომ არაფერი ვთქვათ მათი აზრებისა და იდეების სრულ სიბერწესა და არარაობაზე. რაც ყველაზე სავალალოა და საგანგაშო, ყველა მათგანს ჰყავს მოსყიდული თუ გულწრფელად ერთგული ფანების გუნდი, რომლებიც მზად არიან, სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამავე დროს ქართველი ამომრჩევლის 90 პროცენტმა, თუ მეტმა არა, მიახლოებითაც არ იცის მისი ფავორიტი პარტიის პროგრამა, იგი არც ამ პარტიის საქმიანობას იცნობს, უბრალოდ, ესიმპათიურება მისი ლიდერი (ისიც აუხსნელი ღირსებების გამო) და ტელევიზორიდან გადმოგდებული რამდენიმე ცრუდაპირებისთვის მზადაა, განხვავებული აზრის მქონე სხვა ამომჩეველს თავი გაუხეთქოს (სხვათაშორის, თავის გახეთქვა აქ ევფემიზმი სულაც არაა და დიახაც პირდაპირ თავის გახეთქვას გულისხმობს).
მაგალითისთვის, ისტერია, რომელიც სამეგრელოში სანდრა რულოვსის კანდიდატურის გარშემოა ამტყდარი, საერთოდ სცილდება გონიერების ზღვარს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ძაბავს საარჩევნო სიტუაციას. ერთნი გონს კარგავენ მეგრულად მოსაუბრე-მომღერალი „რძლის" დანახვაზე და თამარ მეფეს არ აღირსებდნენ, ისეთ მოწიწებას გამოხატავენ მის მიმართ, მეორენი კიდევ აღშფოთებულნი არიან „ადამიანის ორგანოებით მოვაჭრე „ცეერუს აგენტის" აქ გამოჩენით.
თქვე კარგი დედ-მამის შვილებო, არჩევნები იმიტომაცაა არჩევნები, რომ ყველა თქვენგანს გეძლევათ სრული და შეუვალი უფლება, მისცეთ ხმა თქვენს რჩეულს. შავიცა და თეთრიც სულ მალე „აბანოში" ანუ ხმების დამთვლელ კომისიაში გამოჩნდება. არადა, დღეს მხოლოდ წყალწაღებული ზარმაცი არ ლაპარაკობს ერთი მხრივ „გამყიდველ და ბნელ" მეგრელებზე, რომლებიც ქვეყნის დამაქცევარ გადამთიელს ირჩევენ, მეორე მხრივ კი „სამაგალითო და გონიერ" მეგრელებზე, რომლებიც, როგორც ყოველთვის, სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. ცხადია, მოედანზე ორი უმთავრესი ანტაგონისტური პარტიაა და მიდის და მიდის მათ შორის ტალახით განუწყვეტელი გუნდაობა. ამ კინკლავსა და გარჩევებში კი ილახება მთელი კუთხის ავტორიტეტი, ერის ისედაც მოფამფალებულ მთლიანობას უჩნდება საშიში ბზარი, რომელმაც, ღმერთმა ნუ ქნას და, შესაძლოა, არნახული ნგრევა გამოიწვიოს.
ჰოდა, რატომ არ ვიკითხავთ, ვის აძლევს ეს ხელს, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ეს ასგზის უკვე დაგმობილი კუთხური დაპირისპირება? ან ის რა იყო, სენაკში დიდ-პატარა რომ დაესია შვილმოკლულ დედას? სადაა ჩვენი სანაქებო ზრდილობა, ოჯახისშვილობა, სტუმარ-მასპინძლობა? მიუშვით, ათქმევინეთ სათქმელი, ავტომატითა და ხელყუმბარით ხომ არ მოდის, სიტყვა უნდა თქვას. ასეთი შეკრებებიც ხომ იმისთვის იმართება, რომ ადამიანები ერთმანეთს ადამიანურად დაელაპარაკონ და არა ველურებივით იყვირონ: „წადი, წადი!" შემრცხვა, ძალიან შემრცხვა ამის შემხედვარეს.
საოცარია, მაგრამ საქართველოში არ მოქმედებს არც დემოკრატია, არც საყოველთაო საარჩევო უფლება და არც უმრავლესობა სჯობნის უკეთესს. ჩვენ ვცხოვრობთ ორმაგი სტანდარტებით: შინ მოსულ სტუმარს გულთბილად გავეგებებით და სულ „ბატონოთი"" და „თქვენი ჭირიმეთი" თან გადავყვებით, ქუჩაში კი ეს ჩვენი საშური თვისება გვავიწყდება და ველურს ვემსგავსებით. აქაც იგივე სურათი გვაქვს, როგორც მაშინ, როცა საკუთარ ეზო-კარს ველოლიავებით, მაგრამ ამავე დროს დაუფიქრებლად ვყრით ქუჩაში ნაგავს, სიგარეტის ნამწვს, ქარალდის ნაგლეჯებს.
ისე, სამართლიანობის გულისთვის, სენაკი რა მოსატანია „სამყაროს ჭიპთან" - ნიუ-იორკთან, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩასულმა ჩვენმა ემიგრანტებმა არანაკლებ შთამბეჭდავი პერფორმანსი გამართეს ეკლესიაში, სადაც მათი კუმირი უნდა გამოსულიყო. ქართველები თითქოს ინდივიდუალისტები, „მე ვარ და ჩემი ნაბადის" ხალხი ვართ და, მიკვირს, საიდან ბელადების წინ ასეთი მონური ქედდადრეკილობა, ასეთი უსამანო სიყვარული მათ მიმართ? რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? სიყვარული ბრმააო, ამბობენ, მაგრამ მთლად თვალების ასე დავსება რა უბედურებაა?
გერცენი ამბობდა: „მამულისადმი ჩემი სიყვარული რატომ უნდა ვრცელდებოდეს ჩემი ქვეყნის ყველა მთავრობაზე?" მართლაც რატომ? დავფიქრდეთ ამაზე!
აქვე იმასაც ვიტყვი, რომ არც რომის პაპისთვის დახვედრის იმ კადრებს გამოუწვევია ჩემი აღტაცება, სადაც ადამიანების, საბედნიეროდ, არცთუ დიდი ჯგუფი მართლმადიდებლობის სახელით აპროტესტებს მის ჩამოსვლას ჩვენთან. როგორ ცნობილია, პონტიფიკის ნებისმიერი ვიზიტი უცხოეთში ნომერ პირველი სიახლეა და დღის საინფორმაციო გადაცემები მისით იწყება ხოლმე. ჰოდა, არც „CNN"-მა და არც „ევრონიუსმა" არ დააყოვნეს ჩვენთვის ამ არასახარბიელო ნიუსის ჩვენება.
საქართველოში სხვადასხვა ვიზიტით მუდამ ჩამოდიან პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერები, რომელთა უმრავლესობა, ალბათ, სულაც არაა ჩვენი მეგობარი და კეთილმოსურნე, მაგრამ განა ამის გამო მათთან შეხვედრებსა და დიალოგებზე უარი უნდა ვთქვათ? (თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პაპი ჩვენი მტერი იყოს). მაშ, რისთვის არსებობს დიპლომატია და საგარეო ურთიერთობები, თუკი ასე უხეშად და დაუფიქრებლად მოვიქცევით? დადის ჩვენი პატრიარქი პროტესტანტულ-კათოლიკურ-ლუთერანულ გერმანიაში სამკურნალოდ, მაგრამ არ მსმენია, ვინმეს ეთქვას თავიანთი ექიმებისთვის, არ უმკურნალოთ ამ ორთოდოქსსო. ისიც ხომ არ გვავიწყდება, რომ მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა და მათი სულიერი მოძღვარიც რომის პაპია. ჩვენი ათიათასობით მოქალაქეც, რომლებიც მიზეზთა გამო ემიგრაციაში წავიდნენ, მეტწილად სწორედ კათოლიკურ ქვეყნებში ცხოვრობენ. ბოლოს ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ რომის პაპი მეთაურია პატარა, მაგრამ მეტად გავლენიანი სახელმწიფოსი, რომელსაც ვატიკანი ჰქვია. თუ ჩვენ არ ვთვალთმაქცობთ და მართლა გვსურს ევროპული ოჯახის წევრობა, კათოლიკურ სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობა მოგვიწევს. ესეც უნდა გვახსოვდეს და თუნდაც ამის გამო გავუფრთხილდეთ ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის, ერის თუ მრევლის ავტორიტეტს.
ჯერჯერობით კი დასკვნა სამწუხაროა: რამდენიც არ უნდა გავიხსენოთ დღეს დავითის შემწყნარებლობა, რომ იგი მუსულმანურ უბნებში ქართველებს ღორის დაკვლას უკრძალავდა და სინაგოგასა თუ მეჩეთშიც დადიოდა, რომ თბილისში ხელისგულისოდენა ფართობზე ოთხი სხვადასხვა აღმსარებლობის საკულტო ნაგებობა გვიდგას და ა.შ. დღევანდელობა გვიჩვენებს, რომ ეს უკვე თითქმის დავიწყებული მითია და დიდი მეფის შთამომავალთა გვარიანი ნაწილი მის იდეალებს არას დაგიდევს.
რატომღაც მინდა მჯეროდეს, რომ ყოველივე ცუდი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, დროებითი მოვლენაა და მალე ყველაფერი გაწონასწორდება. მანამდე კი ყველა ჩვენგანმა კარგად ჩავიხედოთ სარკეში, ოღონდ ნუ დავამსხვრევთ მას, თუკი შიგ მახინჯ სახეს დავინახავთ! იქნებ ეს სულაც ამ ხილვით გამოწვეული გრიმასაა და სულ მალე ისევ გაკეთილშობილდეს!