საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
„ქალაქის ცენტრში ააფეთქეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა. კიდევ კარგი, მსხვერპლი არ არის. მინდა გამოვთქვა, იმედი, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულად გამოსწორდება და ჩვენ არ გვეყოლება ტერაქტის შედეგად მსხვერპლი ჩვენს ქალაქში", - განაცხადა პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუდენტებთან შეხვედრაზე.
გუშინ, „პირიმზესთან", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 4 პირი.