სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში მაქსიმალური გაკეთდა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თავისუფალი და კონკურენტული გარემო ყოფილიყო.
„ეს ფაქტი, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ და ეს უმკაცრესად იქნება დასჯილი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში პასუხს გასცემს კითხვებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება გააკეთა.
„ეს იყო ძალიან მკაფიო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც ამ ფაქტის დაგეგმვაში ან განხორციელებაში წვლილი მიუძღვის, არ ექნება მნიშვნელობა, ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება თუ საქართველოს, იცავს თუ არ იცავს იმუნიტეტი, სახელმწიფო გასცემს ადეკვატურ პასუხს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.