სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა, ევროკავშირის ყველა წევრის შემადგენლობით, „მწვანე შუქი" აუნთო საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას.
„ჩვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, გადმოგვცეს მანდატი, დავასრულოთ მოლაპრაკებები ევროპარლამენტთან. ეს ასევე კარგი ამბავია ჩვენთვისაც, რადგან სლოვაკეთისთვის საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის მიღწევა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. ახლა ჩვენ ევროპარლამენტის კონსტრქუციული მიდგომის იმედი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მთელ ამ პროცესს ძალიან მალე დავამთავრებთ წარმატებით", - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა.
მისი თქმით, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს.
„ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მივიღეთ მანდატი და ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ ვიწყებთ. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მიზანია, ფორმალური პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. როგორც კი ეს მოხდება, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გამგზავრებას ევროპაში უვიზოდ და იქ 90 დღემდე დარჩენას. თუმცა, ახლა გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. ჩვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს", - აღნიშნა ლაიჩაკმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთსულოვნად თანხმდებიან იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიანიჭოს.
„ჩვენ ერთსულოვნად ვთანხმდებით, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი. თუმცა, ეს ორი პროცესი არის ურთიერთდაკავშირებული. არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალზიაცია და შეჩერების მექანიზმი ერთდროულად ამოქმედდეს. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. შეხვედრა ჩანიშნულია ხვალისთვის. არ მინდა, პროგნოზი გავაკეთო, შევძლებთ თუ არა ამ პროცესის ხვალვე დასრულებას. ვისურვებდი, რომ ასე მოხდეს. ერთდაერთი, რისი თქმაც შემიძლია, ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მივისწრაფვით, რათა ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - აღნიშნა ლაიჩაკმა.