„ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ევროინტეგრაციის დადებითი შედეგები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან ერთად, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯანელიძის განცხადებით, დღეს საქართველომ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე.
„მსურს, მივულოცო და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვინც ხელს უწყობს მთავრობას, განახორციელოს რეფორმები, რაც გვაახლოვებს ჩვენს ისტორიულ მიზანთან, ვიყოთ თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი.
ევროკომიისა და და ევროპარლამენტის შემდეგ დღეს ევროკავშირის საბჭომ ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, აღიარა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და დაასრულა საბჭოში განხილვები.
დღეს ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს კონკრეტული შედეგები მოაქვს.
ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ მთავრობის მხრიდან, რათა ევროინტეგრაციის დადებითი შედეგები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამია, რომ COREPER-მა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკითხს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდეს.