„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი თამარ ჩუგოშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას. ვულოცავთ ჩვენს მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, დარწმუნებულები ვართ, სულ მალე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებენ ევროპის ქვეყნებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის, ჩვენის აზრით, ნათელი დადასტურება იმის, რომ ევროპა ცალსახად აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე არის ნათელი მტკიცებულება და დადასტურება იმის, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მიუხედავად სხვადასხვა დესტრუქციული მცდელობებისა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად გავაგრძელებთ ამ პოზიტიურ განვითარებას", - ნათქვამია თამარ ჩუგოშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.