საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში ავღანეთის საკითხზე ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში.
მაღალი დონის კონფერენციას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, NATO-ს გენერალური მდივანი, გაერო-ს გენერალური მდივანი, ავღანეთის პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბრიუსელის კონფერენცია მიზნად ისახავს ავღანეთის შემდგომი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაერთიანებას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გამახვილა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და კვლავ დაადასტურა მზაობა ხელი შუწყოს ქვეყნის შემდგომ განვითარებას.
„საქართველო, თავისი ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ბრძოლის ავანგარდში რჩება, და მე ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა ომისგან დაქანცულ ავღანეთს მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში დაბრუნების გზაზე ეხმარება", - აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით საქართველო, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. საქართველო, როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში (ISAF), ასევე მისიის დასრულების შემდეგაც კვლავ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად რჩება.
საქართველო ასევე მზადაა, 2016 წლის შემდგომაც გააგრძელოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.
მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, ავღანეთს გაუზიაროს გამოცდილება გატარებული რეფორმების კუთხით. მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე, რომელიც ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს ერთმანეთთან დააკავშირებს და ახალ იმპულსს შესძენს ამ ხუთ ქვეყანას შორის სავაჭრო და ჰუმანიტარულ კავშირებს.
მინისტრის თქმით, „საქართველო მომავალშიც ავღანეთის სანდო რეგიონულ პარტნიორად დარჩება და მას სახელმწიფოებრივი და ინსტიტუციონალური განვითარების პროცესში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს".