ავტორი ანა ნონიკაშვილი
„გამაჩნია საფუძვლიანი ვარაუდი, რომ განვაცხადო, გივი თარგამაძეზე განხორციელებული აქტი არის მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით შესრულებული ვანდალური ქმედება. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ამ აქტს წინ უსწრებდა უამრავი განცხადება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებულია. სააკაშვილი ითხოვდა, მოაწყვეთ არეულობა, გასროლა-გამოსროლა",- ამ სიტყვებით აფასებს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს.
როგორც მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, მსგავსი ფაქტების განხორციელება კიდევ მოსალოდნელია.
„არჩევნებამდე სამი დღით ადრე ასეთ რამეს ხელისუფლებიდან რომელი ჭკუათმყოფელი განახორციელებს? ეს იქნებოდა თვითმკვლელობის ტოლფასი.
ეს ყველაფერი კეთდება იმ ძალის მიერ, რომლისთვისაც უცხო არ არის აფეთქებები. კარგად გვახსოვს 2008 წელს ხურჩაში ავტობუსის აფეთქება. „ნაციონალების" ხელწერა ეს არის - ხან გვამებს ითხოვენ, ხან ადამიანებს ცხრილავენ, ხან აფეთქებებს აწყობენ, თავიანთი პრემიერ-მინისტრი არ დაინდეს, ბოლოს და ბოლოს.
დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო შემთხვევა. მსგავს აფეთქებებს კიდევ ვიხილავთ. ადრე იყო გამოთქმა „მე მოვკლავ მამას,. მე მოვკლავ დედას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას" და ესენი მართლა ყველაფერზე არიან წამსვლელები, სააკაშვილი თავისი ოჯახის წევრებს არ დაინდობს, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.
არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" შეავსებს გლდანის მე-8 საპყრობილეს. ამ ხალხის დანდობა არ შეიძლება. ის, რაც მოხდა, კონკრეტულად თარგამაძეს კი არ გაუკეთეს, არამედ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელეს, იმიტომ, რომ დღეს გვაქვს სტაბილური გარემო და ეს აფეთქება შეუშლის ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტების შემოსვლას და ა.შ."- განაცხადა მჟავანაძემ.