ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო, შემაჯამებელი აქცია გაიმართა. სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების გამო, აქციის შემდეგ რუსთაველის გამზირზე და ვარდების მოედანზე დაგეგმილი სხვა საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება.
„იმ ტერაქტმა, რომელიც გუშინ მოხდა, თავისი გავლენა იქონია ჩვენს დღევანდელ დღეზე. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს სოლიდარობას დაზარალებული ადამიანების მიმართ. ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული გარკვეული საზეიმო ღონისძიებები აქაც, რუსთაველის გამზირზეც, ძველი პარლამენტის შენობასთანაც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ამ ტერაქტის დროს დაზარალდნენ და დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები, ჩვენ საზეიმო ღონისძიებებს აღარ ვატარებთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.