ავტორი მარიამ პაიჭაძე
უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი იყო ინსცენირებული. ბათიაშვილის თქმით, გამოძიება დაადგენს რეალურ მიზეზებს და იყვნენ თუ არა თარგამაძე და მისი მძღოლი ამ ყველაფრის საქმის კურსში.
„მე მინდა შევეხო 4 ოქტომბერს „პირიმზესთან" მომხდარი აფეთქების ფაქტს. ვფიქრობ, რომ ენერგიულად და კვალიფიციურად წარმართული გამოძიებისათვის ნამდვილად არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ამ საგანგაშო დანაშაულებრივი ქმედების გახსნა.
რა თქმა უნდა, ჯერ რაიმე დეტალებზე ლაპარაკი და რაღაცის მტკიცება ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია, მაგრამ ერთი შეხედვითაც ყველაფერი იმდენად ხელისგულზეა და იმდენად ყველაფერი აშკარა და ნათელია, რომ ეს იძლევა სერიოზული ვარაუდის და გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გივი თარგამაძის აფეთქების მცდელობის ინსცენირებასთან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სხვა საკითხია, თავად ბატონი გივი თარგამაძე და მისი მძღოლი საქმის კურსში იყვნენ თუ არა. ეს, რა თქმა უნდა, შემდგომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ საქმე გვაქვს სწორედ აფეთქების ინსცენირებასთან, რომელიც, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ითვალისწინებდა თავიდანვე და ამ გათვლაში თავიდანვე იყო ჩადებული, რომ შეიძლება, დაშავებულიყვნენ უბრალო მოქალაქეები, გამვლელ-გამომვლელები. შეიძლება, ეს ითვალისწინებდა, რომ მსხვერპლიც ყოფილიყო. ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი მოქალაქე დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.