პარტია „ჩვენი სამშობლოს" წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის ფიტული მიიტანეს.
პარტია „ჩვენი სამშობლოს" წევრის ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, საქართველოს არ სჭირდება ადამიანი, რომელიც ქვეყანას წამლავს. სწორედ ამიტომ, წითელაშვილის თქმით, მან სააკაშვილის ფიტული მიუტანა იმ ქვეყნის საელჩოს, რომელმაც სააკაშვილი შექმნა.
აქციის მონაწილეებმა სარიტუალო მანქანიდან სააკაშვილის ფიტული, რომელიც კუბოში იყო ჩასვენებული, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოასვენეს.
„მინდა, რომ 8 ოქტომბერს კარგად დავფიქრდეთ. ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმართება საქართველო და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელში ჩაიგდონ ჩვენი ქვეყანა, ცდილობენ, ახალგაზრდები წაიყვანონ უცხოეთში. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ", - განაცხადა პარტია „ჩვენი სამშობლოს" ლიდერმა ზვიად ჩიტიშვილმა.
საპროტესტო აქცია მშვიდობიანად დასრულდა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. აქციის დასრულების შემდეგ პოლიციამ ორგანიზატორებს სააკაშვილის ფიტულის წაღება მოსთხოვა.
წითელაშვილის თქმით, ისინი ექს-პრეზიდენტის ფიტულს უახლოეს სანაგვეზე გადააგდებენ.