logo_geo
eng_logo
ქართველი ემიგრანტი ქალის მაია სასწრაფოშვილის განვლილი გზა „ბურგთეატრის“ სცენამდე...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

15 მარტი. 2016. 19:14



10 მარტს, საქართველოს პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ორგანიზაცია „მე დავბრუნდები" და „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" ინიციატივით, რუსთაველის თეატრში წარმატებული ემიგრანტი ქალები დააჯილდოვეს.


ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და საპატრიარქოს წარმომადგენლები, უცხო ქვეყნების ელჩები საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


ღონისძიებას მუსიკალურად ანსამბლი „ქართული ხმები" აფორმებდა.


ღონისძიებების ორგანიზატორები არიან თემურ ჭკუასელი და თამარ ჩიბურდანიძე. იდეის ავტორია ყოფილი ემიგრანტი ინა ასანიძე, რომელიც საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა.



მაია სასწრაფოშვილი ამ ღონისძიებაზე დაჯილდოებული ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ქალბატონია, რომელმაც განვლო რთული გზა უცნობი უცხოელი ემიგრანტობიდან ვენის „ბურგთეატრის მსახიობობასა და ვენის საპატიო მოქალაქეობამდე.

 

„რეპორტიორი" გთავაზობთ  ინტერვიუს ქალბატონ მაიაასწრაფოშვილთან.


- წლების წინ, ოჯახთან ერთად, ვენაში წასვლა მომიწია. აღმოჩნდა, რომ იქ დიდხანს უნდა დავრჩენილიყავი. ევროპის კულტურულ დედაქალაქში ცხოვრება უზარმაზარ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რესურსები ამოწურული გვქონდა. დავიწყე სამუშაოს ძებნა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას გავაკეთებდი, არანაირი სამუშაო არ მეთაკილება. დავწერე განცხადება და გამოვაქვეყნე, რომ დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, მაქვს მუსიკალური განათლება, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რეჟისურა და ა.შ. გერმანული ენა არ ვიცოდი. ვიფიქრე, მსურველებს ფორტეპიანოსა და ვოკალში მოვამზადებდი. ერთმა გერმანელმა რეჟისორმა ჩემთან რუსებრაელს დაარეკინა და  მაქსიმ გორკის „ფსკერზე" ვასილისა კარპოვნას როლის შესრულება შემომთავაზა. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხაც შემომთავაზეს. გერმანული ენა არ ვიცოდი, თან მეუცნაურა ასეთი შემოთავაზება. შემპირდა, რომ ყველაფერს შეცვლიდა და ჩემს როლს ისე მომარგებდა, შესრულება არ გამიჭირდებოდა. ძალიან მეშინოდა, მაყურებელი რუსულად ვერაფერს გაიგებს-მეთქი, ვეუბნებოდი. რეჟისორმა მითხრა, ნუ გეშინია, შენი ემოციით ყველაფერს გაიგებენო. ბოლოს გავრისკე და დავთანხმდი. სპექტაკლის შემდეგ, ერთ-ერთი გაზეთი წერდა, რასაც ვასილისა ლაპარაკობდა, ყველაფერი გავიგეთ, სხვებისა, ანუ გერმანულ ენაზე მოსაუბრე მსახიობებისა, კი ბევრი ვერაფერიო.


- შემდეგ ვენის მსოფლიო დონის სცენაზე „ბურგთეატრში" მიგიწვიეს...


- მეხუთე წარმოდგენაზე ერთი რეჟისორი მოვიდა. ატყდა ჩოჩქოლი, „ბურგთეატრის" რეჟისორია მოსულიო. მე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. აღმოჩნდა, რომ ამ კაცმა ამომარჩია ქასთინგზე ერთ-ერთი სპექტაკლისთვის. „ბურგთეატრი" მსოფლიოში პირველ ნომრად აღიარებული გერმანულენოვანი თეატრია, რომელსაც მოცარტიც კი ახსოვს. ძალიან ავღელდი. არ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. მსახიობებს თანამედროვე ავსტრიული სპექტაკლისთვის, „მზის ამოსვლა", არჩევდნენ.


ქასთინგზე ერთ პოლონელ გოგონას ვთხოვე, ჟიურის წინაშე ჩემთვის თარჯიმნობა გაეწია. სულ სამი წუთი გვეძლეოდა თავის წარსადგენად. როგორც ქართველებს შეგვეფერება, ვუთხარი, პატივისცემა ჩემზე იყოს-მეთქი. გოგონა დამთანხმდა. ამის იმედით შევედი (500 მსახიობიდან, დაახლოებით 7 ადამიანი უნდა შეერჩიათ), თუმცა, საუბარი რომ დავიწყე, გოგონამ მიმატოვა, კონკურენტი მოიშორა. დრო გავიდა და მითხრეს, წაბრძანდითო, ხელით ვანიშნე, ერთი წუთი ედროვებინათ, რაღაც ძალა შემემატა და ჟესტიკულაციით დავიწყე საუბარი. კარგად ვმღერი, ვუკრავ გიტარაზე, ფორტეპიანოზე, მსახიობი ვარ, ყველა ცეკვას ვცეკვავ-მეთქი - ნებისმიერ როლსაც შევასრულებ-მეთქი. ყველაფერი ეს ჟიურის ჟესტებით და მიმიკებით ავუხსენი. გაოგნებულები მიყურებდნენ.


ძალიან განერვიულებული გამოვედი. იმედი, რა თქმა უნდა, არაფრის მქონდა, თუმცა, მეორე დღეს დამირეკეს - მობრძანდითო. რომ მივედი, დარჩენილ კონკურსანტებში ის პოლონელი გოგო აღარ იყო. მოკლედ, ასე მოვხვდი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი რეჟისორის სპექტაკლში „მზის ამოსვლა". მუსლიმანი ქალის როლი შევასრულე. სპექტაკლი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.


პრემიერამდე ორი კვირით ადრე რეპეტიციაზე, შესვენების დროს, ერთ-ერთ ოთახში როიალი დავინახე. დიდი ხანია არ დამეკრა და მაშინვე იქ მყოფებს სულ შალახოები ვაცეკვე, ზოგს ტამტამზე ვაკვრევინე... „ახ ტურფავ, ტურფავაც" შევასრულე... მოკლედ, კარგად ვიხალისეთ. მეორე დღეს რეჟისორი ამბობს, აი, ის რუსი ქალი მოვიდეს და გუშინ რაც გააკეთა, დღესაც გაიმეოროსო. ყველა მომიტრიალდა, შენზე ამბობსო. მე არა ვარ რუსი, ქართველი ვარ-მეთქი. იყავი ქართველი, ოღონდ გამოდიო. თავდაპირველად ვერც ვხდებოდი, რაზე იყო საუბარი, ვიფიქრე, რამე ხომ არ დავაშავე-მეთქი, მითხრა - იმღერეო. არ ვიცოდი, რა მემღერა. მერე ჩვენი ქართული „ნამგლური" შემოვცხე. რეჟისორმა და დამსწრეებმა ოვაციებით დამაჯილდოვეს. მერე ისე მოხდა, რომ სპექტაკლში წავიკითხე მონოლოგი და „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო..." დავამატე. მერე „ნამგლურის" შესრულებაც მომიწია, მთიულურიც ვიცეკვე... აპლოდისმენტები არ ჩერდებოდა... (როდესაც ასეთი დონის სცენაზე რამდენიმე წუთი მონოლოგისთვისა და წარმოდგენისთვის გეთმობა, ეს ძალიან დიდი დაფასება და პატივია). მერე უკვე თეატრშიც სხვა თვალით დამიწყეს ყურება, ვიღაც ისეთი მოვიდა, მგონი, როლებს გვართმევსო.

 

- ერთ-ერთ სპექტაკლზე კი ქართული შეძახილიც შემოგესმათ...


- ერთმა ავსტრიელმა ოჯახმა სპექტაკლზე ცოლ-ქმარი დაპატიჟა, ქმარი გერმანელია, ცოლი კი ქართველი. ქალი, რა თქმა უნდა, მე არ მიცნობდა. როდესაც გამოვედი და დავიწყე ქართულად მონოლოგი, შემდეგ „ნამგლურიც" შევასრულე, უეცრად მომესმა ქართული შეძახილი „შენ გენაცვალე"! ემოციურად, რა თქმა უნდა, ჩემზე ძალიან იმოქმედა, მაგრამ რას შევიმჩნევდი... თუმცა, ადგილზე კი გავიყინე, ქართველის იქ ყოფნა რომ ვიგრძენი ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ასე გავიცანი ქართველი.


ერთმა რუსმა ქალმა მითხრა, რომ ქასთინგი ტარდებოდა ჩეხოვის „ალუბლის ბაღზე", და იქ მივდივარო. მასობრივი სცენაა, სადაც მხოლოდ ქერები სჭირდებათ და შენ ამ სცენას არ მოერგებიო. მე მაინც მივედი იმ რეჟისორთან, ვინც ამ სპექტაკლისთვის ხალხს კრებდა. კარგი პროფესიონალია და ცნობილია, როგორც „სახლის რეჟისორი". თუმცა, ძალიან უხეში ადამიანიაო, ამბობდნენ. ქასთინგზე 900-მდე ადამიანი იყო მისული. ვინც შევიდოდა, წამებში უკანვე გამოდიოდა. ძალიან ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, ენა მაინც ვიცოდე, გავაგებინო-მეთქი. ჩემი რიგიც მოვიდა, თამამად მივედი რეჟისორთან და დავუწყე ახსნა, რომ ჩეხოვის „ალუბლის ბაღს" ძალიან სჭირდება რუსული რომანსები, ეს სპექტაკლს ძალიან მოუხდება, ძალიან მნიშვნელოვანია-მეთქი, ვარწმუნდებდი. ვუთხარი, რომ ამ რომანსებს მე შევასრულებდი. ჯერ გაოგნებული მიყურებდა, მერე მითხრა, სცენაზე ავსულიყავი, გიტარა მოვითხოვე, გიტარის გარეშე შეასრულეო. დავიწყე. თან ქალის კივილის ხმა მესმის, ვფიქრობ, ალბათ არ მოსწონს და ჩემი სცენიდან ჩამოყვანას ითხოვს-მეთქი. თურმე ყვირის, „საოცარია" , „არაჩვეულებრივია"... რომ დავასრულე, გამომკითხა, თუ მქონდა პასპორტი, სახლი და ა.შ... დიდი მონდომების შემდეგ, ამ სპექტაკლშიც მოვხვდი. უმნიშვნელოვანეს როლზე დამამტკიცეს. „ალუბლის ბაღი" როგორც კი შედგა, უვადო კონტრაქტი გამიფორმეს. როგორც მერე გაირკვა, თურმე მე ვიყავი პირველი საბჭოთა კავშირიდან, ვინც ამ თეატრში ითამაშა.


შემდეგ უკვე ვენის ქუჩებში გამოაკრეს აფიშები ჩემი ფოტოებით. მოკლედ, დღეს ვმონაწილეობ სპექტაკლებში, მაქვს სოლო კონცერტები, ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებ, სხვა დროს გიამბობთ... მივიღე საპატიო მოქალაქეობა, ერთადერთი ქართველი საპატიო მოქალაქე ვარ ავსტრიაში.

 

- კინოშიც მოხვდით...


- 2015 წლის ყველაზე გახმაურებულ ფილმში „Jack" მივიღე მონაწილეობა. პრემიერა შვეიცარიაში შედგა, ფილმი ამერიკამ შეისყიდა. რეჟისორია ელიზაბეტ შარანგი. როგორც ინგლისელებს ჰყავდათ ცნობილი სერიული მკვლელი, ჯეკ მფატრავი, ასეთივე ჰყავდათ ავსტრიელებსაც. მასაც ჯეკი ერქვა, მეძავის შვილი იყო, თუმცა მეძავებსაც ხოცავდა...


ფილმის გადასაღებად ექვსი წელი ემზადებოდნენ. შევასრულე ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ერთადერთი კურტიზანი ქალისა, რომელიც ჯეკს არ მოუკლავს. ის ქალი მისთვის დედაც იყო, მეგობარიც, ქალიც, აბსოლუტურად ყველაფერი...


ფილმის რეჟისორმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ამბობდა, რომ სწორედ ის ვიყავი, ვინც ამ როლს ასე შესანიშნავად შეასრულებდა. რაღა დაგიმალოთ და, როდესაც ეკრანს შევხედე და საკუთარი თავი დავინახე, ვერ ვიცანი, გულწრფელად ვამბობ, სწორედ ასე იყო. რადგან საკუთარი თავი ვერ ვიცანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც წარმატებულად გავართვი თავი დაკისრებულ მოვალეობას.


უამრავი ფილმიდან მქონდა შემოთავაზება, თუმცა ეს პირველი იყო, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი. ამ ფილმს მთელი მსოფლიო ელოდა.


- წლების განმავლობაში უამრავი წარმატება, პატივი, დაფასება, შემოთავაზება გხვდათ წილად უცხო ქვეყანაში... ახლა საკუთარ ქვეყანაში ღირსეული მოღვაწეობისთვის დაგაჯილდოვეს, როგორც წარმატებული ქალი ემიგრანტი...


- ალბათ, ეს იყო ანგარიშის ჩაბარება ქვეყნის წინაშე. ყველანი, ვინც ქვეყნიდან გავდივართ, საქართველოს დესპანები ვართ. მართლაც არაჩვეულებრივი საღამო იყო, პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი.


როცა ცივი ავსტრიელები გეუბნებიან, განუმეორებელი ხარ, ბედნიერები ვართ შენი აღმოჩენითო, ეს დიდი დაფასებაა.


ხშირად მიფიქრია, რა სამწუხაროა, რომ შენს ქვეყანას არ ახსოვხარ-მეთქი... თუმცა, დღეს უბედნიერესი ვარ, ჩემი ბაღის მეგობრებიც კი იყვნენ მოსულები ამ დაჯილდოებაზე. ყველას ვერ მოვეფერე ისე, როგორც საჭირო იყო, მხოლოდ ამაზე მწყდება გული.

 

- რას ეტყოდით იმ ქართველ ემიგრანტ ქალებს, რომლებსაც საქართველო, ქართული მიწა, ოჯახები ენატრებათ, ქვეყანაში დაბრუნება სურთ, თუმცა ცხოვრება ამის საშუალებას არ აძლევთ?..


- ვფიქრობ ხოლმე, ის განცხადება რომ არ დამეწერა, დღეს შეიძლება ვიღაცის ბავშვისთვის მომევლო, ვიღაც ქალისთვის სახლი დამელაგებინა და ა.შ... მე ყველაფრის კეთება შემიძლია, სადილების მომზადება, ცხობა, რეცხვა, დალაგება, ოთხ ჩხირზე ქსოვა... ყველაფერი, რაც ქართველმა ქალმა იცის და აქ შეურაცხმყოფელი არაფერია.


თუ ცხოვრებამ სადღაც გადაგაგდო და აღმოჩნდა, რომ შენ იქ უნდა დარჩე, ამით ნუ დაიძაბები. ნუ შეშინდებიან - ერთი დღით სიცოცხლე არ მთავრდება. არც ის დალაგება და ვიღაცის მოვლა არის სათაკილო. თავდაპირველად, სანამ წავიდოდი, თბილისში ჩემს მეზობალ ქალს ვეხმარებოდი. სხვა კუთხით უნდა შევხედოთ ყველაფერს და ჩვენი ცხოვრება ტრაგედიად არ უნდა ვაქციოთ. თვითონ ცხოვრებაა ასეთი... უცნაური, რთული, რასაც მოგიწყობს, იქით უნდა წახვიდე, ოღონდ, არასდროს დანებდე.


ყველა ქალი ლამაზია, ყველა ქალის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს გაზაფხული... ემიგრანტო ქალებო, თქვენ ძალიან ძლიერები, ღირსეული ქალბატონები ხართ და სწორედ თქვენი ქვეყნისადმი სიყვარული დაგაბრუნებთ სამშობლოში...


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner