ავტორი ანა ნონიკაშვილი
„კარგად ვიცით, რომ რეალურად ის აფეთქება, რაც გივი თარგამაძის მიმართებაში განხორციელდა, დადგმული სპექტაკლია, მაგრამ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული",- ამის სიტყვებით შეაფასა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ლალი მოროშკინამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება.
მოროშკინამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დიდიხანია უკვე ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის" რეჟიმში გადავიდა.
„გამოწვევები და პრობლემები ბევრია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალთა" ლიდერები ბომბმეიქერობას ეწევიან. კარგად ვიცით, რომ რეალურად ის აფეთქება, რაც გივი თარგამაძის მიმართებაში განხორციელდა, დადგმული სპექტაკლია, მაგრამ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული. სამწუხაროა, რომ მათ გაიმეტეს მოქალაქეები, რომლებიც გარეთ იყვნენ - ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ ნაკადი მიმართული იყო ისე, რომ შიგნით არაფერი მოსვლოდათ, მაგრამ დაზიანებულიყვნენ გარეთ ადამიანები. მსგავსი სიგნალები თბილისის სხვადასხვა კუთხიდან კიდევ არის მოსული. ვიცი, რომ ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ ძალიან სერიოზულად. „ნაციონალური მოძრაობა" დიდიხანია უკვე გადავიდა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის" რეჟიმში",- განაცხადა მოროშკინამ.