ამბროლაურში აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა. საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრები იყვნენ, რომელიც ახლად გახსნილ ასაფრენ ბილიკზე პირველად დაეშვა. 1,100-მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეზღუდვის გარეშე L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდების მიღება შეეძლება.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აეროპორტის ამოქმედება მნიშვნელოვანია რაჭის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის.
„ამბროლაურში აეროპორტის აშენების ინიციატივა საქართველოს პრემიერ მინისტრს ეკუთვნოდა და დღეს ეს ინიციატივა უკვე ხორცშესხმულია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ, პირველ სექტემბერს აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის დაწყების საკითხი საქართველოს მთავრობის სხდომაზე იყო განხილული, დღეს კი ამბროლაურში ექსპლუატაციაშია შესული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აეროპორტი შექმნის ახალ შესაძლებლობებს რაჭის მოსახლეობისთვის.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამბროლაურში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ასაშენებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მშენებლობის პროცესში, მათ შორისაა კომპანია „ბლექსი გრუპი" და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება".
პროექტის უპრეცენდენტო მოკლე ვადებში განხორციელების მიზნით, მხოლოდ ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის" მიერ ადგილზე მობილიზებული იყო 60 ერთეულამდე სპეცავტოტექნიკა, ასევე დასაქმდა 125 ადამიანამდე, საიდანაც 75 ადამიანი ადგილობრივი მოსახლე იყო.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 000 000 ლარზე მეტს შეადგენს. მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება ამბროლაურის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 50 მგზავრზე.