ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ აქვს უცხო ქვეყნებთან, გამომდინარე აქედან, ჩვენი არჩევის შემთხვევაში მხოლოდ მოსახლეობის წინაშე ვიქნებით ვალდებული",- ამის შესახებ პარტია „თამაზ მეჭიაური- ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა. როგორც მეჭიაური აღნიშნავს, მათ პარტიას არცერთი უცხო ქვეყნისგან არ აქვს მხარდაჭერა.
„ჩვენ, ერთი მხრივ, ვაკრიტიკებთ NATO-ს და მიგვაჩნია, რომ იქ შესვლა სიკეთეს არ მოგვიტანს და მეორე მხრივ, არ გვინდა, უკიდურესობაში გადავიდეთ და რუსეთის სატელიტებად ვიქცეთ. ამის გამო, ჩვენ ფაქტობრივად ვართ იზოლირებული მასმედიის თუ სხვა საშუალებებისგან. გვიწევს ყოველგვარი დაფინანსების, პოლიტიკური თუ სხვა მხარდაჭერის გარეშე ბრძოლა.
მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პარტიას ჰყავს საინტერესო წარმომადგენლები. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ აქვს უცხო ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი არჩევის შემთხვევაში, მხოლოდ მოსახლეობის წინაშე ვიქნებით ვალდებული. ყველა ვალდებულებას შევასრულებთ. ამ ყველაფრისთვის თქვენი ხმა გვჭირდება", - განაცხადა მეჭიაურმა.
პარტია „თამაზ მეჭიაური- ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ია მეტრეველი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი პარტია ახალი შექმნილია. ასევე არავისგან ვიმართებით, ამიტომ ფინანსები მწირე გვქონდა. ჩვენთვის მიუღებელ ფინანსებზე უარი ვთქვით. ვერ მოვახერხეთ სათანადო კამპანიის ჩატარება. მინდა ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდო, მხარი დაუჭირონ ჩვენს პარტიას. ჩვენ ვიქნებით მოსახლეობის ხმა პარლამენტში და ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის",- განაცხადა მეტრეველმა.
პარტიის წევრი დავით ფაცაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ პროვოკაციები, რომელიც ქვეყანაში იგეგმება გამოძიებული იქნას დაუყოვნებლივ და ყველა პირი კანონის მიხედვით გასამართლდეს.
„მინდა მივმართო ხელისუფლებას მაქსიმალური შესაძლებლობები გამოიყენონ, რომ პროვოკაცია, რომელიც იგეგმება აღკვეთონ. სცენარი არის დაახლოებით ისეთი, როგორიც უკრაინაში. ამდენად, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, რომ დამნაშავეები, რომლებიც ფიგურირებენ ჩანაწერებში დაისაჯონ, რათა ქვეყანაში არეულობა არ მოხდეს",- განაცხადა ფაცაციამ.