logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არც ერთი ნაბიჯი არ იქნება მთავრობის მხრიდან სიყვარულის გარეშე გადადგმული
- +

7 ოქტომბერი. 2016. 01:15



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ამომრჩევლებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზაზა ხუციშვილი და ბიძინა გეგიძე კიდევ ერთხელ წარუდგინა.


"ყველამ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის საქართველო და ეს მომავლის საქართველო არის ის, რომელიც ყველა ჩვენგანს ღრმად გულში გვენატრება და რომლის თაობაზეც ყველა ჩვენგანს ბავშვობაში ჩვენი მშობლები, ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაკეში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.


"ჩვენ რა თქმა უნდა, ეჭვი არავის შეგვაქვს ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც. ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური, შეუქცევადი განვითარება უზრუნველვყოთ და აღარ უნდა ვისაუბროთ წარსულზე, ჩავაბაროთ, გადავშალოთ ეს ფურცელი და სწორი ფასეულობების ირგვლივ გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება. დავასრულოთ ღვარძლი, სიძულვილი და სიყვარულის კარი გავხსნათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ჩვენი მოხუცებისთვის. დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა და დავასრულოთ თავქარიანი პოლიტიკოსების ეპოქა. დავიწყოთ სულ ახალი მომავლის პოლიტიკოსების ეპოქა, მე მინდა აუცილებლად ვთქვა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი ტელევიზიით გუშინ "ქართული ოცნების" წევრების დებატებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოების წინაშე წარსდგა გუნდი, სადაც ბევრი გამორჩეული ადამიანი იდგა.


"საზოგადოების წინაშე წარდგა თანამედროვე, სრულიად ახალი ტიპის ლიდერებისგან შემდგარი გუნდი, სადაც ბევრი გამორჩეული ადამიანი იჯდა და სადაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავალზე იყო საუბარი. ჩვენ შეგვიძლია პირნათლად ვთქვათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა, რომელსაც პასუხი გავეცით არის ის, რომ შესაძლებელია ძალიან სწრაფი პროგრესი ქვეყანაში და არც ერთი უდანაშაულო ადამიანის დაჩაგვრა.

 

ეს არის უმთავრესი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ დღეს დილით ჩვენ გავხსენით ქარის ახალი ელექტროსადგური, პირველი ასეთი ელექტროსადგური საქართველოში, რომელიც გახლავთ სრულიად ახალი სიტყვა ქართული მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკის განვითარებაში.

 

დღეს შუადღეს მე პირველად დავჯექი ამბროლაურის ახალ აეროდრომზე და ერთ რამეს გპირდებით, რომ როგორც თქვენ ხედავთ წინასაარჩევნო პერიოდში, თუ რა ტემპში მუშაობს მთავრობა, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მეტ სისწრაფეს ნახავთ არჩევნების შემდეგ, ეს არის ჩვენი მთავარი პირობა, რომ დინამიკა იქნება არნახული",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, ქვეყანაში ოთხი წლის თავზე იქნება თვისობრივად განსხვავებული თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი მაღალტექნოლოგიური განათლების სისტემა, რომელიც მთავარი ღერძი იქნება ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთება.


"ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ შესაძლებელია იყო ყველაზე თანამედროვე და ამავე დროს ყველაზე მეტად ვუფრთხილდებოდე ტრადიციებს. ამ კითხავზე პასუხი გაცემულია, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენს ქვეყანას შეუქმნათ სრულიად ახალი თანამედროვე მოდერნიზებული ინფრასტრუქტურას, ევროპული ხარისხის და ოთხ წელიწადში ჩვენ დამატებით ხუთი მილიარდი დოლარის დახარჯვას ვაპირებთ იმის გარდა რაც დღემდე იხარჯება.

 

ეს იქნება არნახული ბიძგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ოთხ წელიწადში სრულიად შევცვლით მმართველობის სისტემას. ჩვენ ოთხ წელიწადში მივიღებთ ეკონომიკურ ცვლილებებს, სრულიად ახალი ტიპის საპენსიო სისტემას, სრულიად ახალი ტიპის ეკონომიკური განვითარების ბიძგს მივცემთ ქვეყანას. ჩვენ შევქმნით და კიდევ უფრო განვავითარებთ დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმებს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ახალგაზრდებისთვის. შედეგად ჩვენ მივიღებთ ბედნიერ ქვეყანას. ეს არის ერთადერთი სიტყვა, რომლის გამოხატვაც გვინდა. ჩვენ გვინდა ბედნიერი ქვეყანა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, ყველა მოქალაქის ჩართულობით შესაძლებელი იქნება სიყვარულზე და ბედნიერებაზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობა შესაძლებელია.


"გპირდებით იმას, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება მთავრობის მხრიდან სიყვარულის, ჩვენი ქვეყნის ერთგულების გარეშე გადადგმული. ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც თქვენი გამოხატულება იქნება. ეს არის ხელისუფლება რომელიც ერთიანია. თავის ხალხთან და ამ ერთიანობის დადასტურება კიდევ ერთხელ გვჭირდება 8 ოქტომბერს.

 

მეგობრებო, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის საქართველო და ეს მომავლის საქართველო არის ის საქართველო, რომელიც ყველა ჩვენგანს ღრმად გულში გვენატრება და რომლის თაობაზეც ყველა ჩვენგანს ბავშვობაში ჩვენი მშობლები, ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, რომ ოდესმე თურმე დიდი ყოფილა საქართველო და ამ დიდ საქართველოს კიდევ ერთხელ გაუმარჯოს. გაუმარჯოს ღირსებას, გაუმარჯოს თავისუფლებას და გაუმარჯოს სწრაფად ქვეყნის განვითარებას, რომელიც იქნება ღირსებაზე და სიყვარულზე დაფუძნებული",- აღნიშნა პრემიერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner