„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში დავით თარხან-მოურავთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
„მეგობრებო, ამ ბოლო დროს რატომღაც „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერზე დაიწყო შეტევა და მინდა, ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირო;
გახსოვთ, ალბათ, 2006 წელს დაწყებული შეტევა ჩემს წინააღმდეგ და გაგრძელებული 2008 წლამდე (სანამ გაირკვეოდა უვიცთათვის ჩემი სიმართლე), რა დღეში მაყენებდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს დაქვემდებარებული პიარკომპანიები. ახლაც ამ საქმეში მათი კვალი შეიმჩნევა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველაფერ ეროვნულს ებრძვიან ქართველებისვე ხელით. დაიწყებენ სპეციალურად ნასწავლი, უცხოეთში გაწვრთნილი ახალგაზრდები, და აიყოლიებენ გულუბრყვილო, ცოტა შურმოძალებულ საზოგადოების მცირე ნაწილს, რათა სათავეშივე დააკნინონ პატრიოტიზმი.
მოკლედ, დავით თარხან-მოურავის წინააღმდეგ ჯერ დაიწყეს ჭორების გავრცელება, რომ თითქოს სომეხია, ამდენ გვარგადაკეთებულ საქართველოში, იფიქრეს, ვიღაცას მოატყუებდნენ, მაგრამ ამას დავითმა დნმ ანალიზებით მტკიცებულება დაუპირისპირა ჭკვიანურად. რადგანაც ეს შემოტევა მოიგერია, შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და ახლა სუფთა სისხლის ქართველობაზე დაიწყო ქილიკი. ვინც დავითთან ერთად არ ხართ წირვაზე ნამყოფი, მასთან ერთად არ გილოციათ ტაძრებში, შეიძლება, იოლად მოტყუვდეთ, მაგრამ რომ მოგესმინათ მისი ზეპირი ლოცვა ორსაათიანი და განახათ მისი ღრმადმორწმუნეობა, თუ ხართ თავად მორწმუნენი, აუცილებლად შეწყვეტდით ქილიკს.
ამით საკუთარ თავს ავნებთ მხოლოდ, გაითვალისწინეთ ქრისტიანის სიტყვები „ცოდვა მხოლოდ ჩემზე ეთქვათო".
დავით თარხან-მოურავს კი, თქვენი ქილიკი პირიქით, აღამაღლებს!
დიდება ღმერთს!" - წერს ემზარ კვიციანი „facebook"-გვერდზე.