„ნაცმოძრაობაში" დიდი დაპირისპირებაა და ამის შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს და აქვე აღნიშნავს, რომ დაშლის პირას მისული „ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენას არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ცდილობს.
„სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ დაშლის პირას მისული „ნაცმოძრაობის" გადარჩენას თავგამოდებით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც ისინი ხალხს მოუწოდებენ, მეორე ტურში მხარი „ნაცმოძრაობის" კანდიდატებს დაუჭირონ. მათი თქმით, ეს იმიტომ უნდა გაკეთდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს.
ამ განცხადებას ის ხალხი აწერს ხელს, რომელსაც 9 წლის განმავლობაში არასდროს გასჩენია პროტესტი იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდა. რაღაც არ მახსოვს, მათ ქუჩაში ხალხის დახვრეტა ან მიტინგების დარბევა გაეპროტესტებინათ.
ვეკითხები ამ არასამთავრობოებს - იმის შიშით, რომ „ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს, შემთხვევით ნაციონალები ხომ არ დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?! რა უფლებით აკეთებენ ასეთ მიმართვებს ასო-ები?! ეს არის ხალხის არჩევანი და ამ არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი", - წერს მჟავანაძე.