ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პატიმრის ლევან იაკობიძის შესახებ წერს:
„ხვალ არჩევნებია ზუგდიდში:
2010 წელს ქსნის ქრონიკული ტუბზონის ახალგახსნილ კორპუსში გადაგვიყვანეს მოშიმშილე პატიმრები ქსნის ,,ბურიდან". იქ დამხვდა ლევან იაკობიძე, ახლაგაზრდა, 20 წლის ბიჭი, რომელსაც გათავისუფლებამდე 8 თვე ჰქონდა დარჩენილი. ლევანი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და ძალიან მეწყინა როცა გავიგე ტუბერკულიოზი ,,აეკიდა" მასაც. გადიოდა დღეები, ლევანი დნებოდა, ბუმბერაზი კაცი ძვლებიღა დარჩა 2 კვირაში. ნელ-ნელა საწოლს ეჯაჭვებოდა, ეს სასიკვდილო განაჩენია საკუთარი თავისათვის, ტუბერკულიოზის დროს რომ წვები, უნდა როგორღაც შესძლო და იარო სუფთა ჰაერზე. აკეთო ფილტვის ვარჯიშები... სხვადასხვა პალატებში ვიყავით. გავიდოდი ავაყენედი ძალით და გამყავდა ჰაერზე. სიცხე უწევდა და უწევდა. სულ ამცივნებდა, ბოლოს უკვე აგრესიულად მიშორებდა მცივა ვერ ავდგებიო. წამლებს ასმევდნენ, მაგრამ...
ლევანი კანამიცინის ნევსზე რეზისტენტული იყო, ანუმ მასზე ეს ანტიბიოტიკი არ მოქმედებდა. სასწრაფოთ სჭირდებოდა კაპრიომიცინი. ვითხოვდით ბიჭები როგორმე კაპრიომიცინი დაენიშნათ. თუმცა პასუხი მუდამ იყო ერთგავრი: არ შემოუტანიათ, არ გვაქვს და რა ვქნათო...არ გვაქვს და რა გავუკეთოთო...
პირადად შევდიოდი ნონა ექმიმთან, ვალია ექიმთან, ვთხოვდი, ვეხვეწებდი, ხომ იცით ფატალურად დასრულდება და თავზე პასუხს არ ვაგებ-თქო და მპასუხობდჯნენ ვიცით მაგრამ რა გიყოთო ფიზიკურად არ გვაქვს, არ მოუწოდებიათო...
მალე სხვა კორპუსზე გადამიყვანეს, მომაშორეს აბეზარი პატიმარი იქაურობას...
საღამო იყო, ტელევიზორს ვუყურებდით მე, ნუკრი და ილო, ხვიჩა შავიძე. ღმერთო ჩემო, ლევანის დედა დავინახე უცბად, ტიროდა, შვილი მომიკლესო, რესბალნიცაზე მკვდარი მიიყვანესო...
ჩვენ ვიცოდით რასაც შვებოდნენ მაგრამ საზოგადოებას ეს არ ეჯერა, არც ლევანის დედის ეჯერა, არც გვირგვლიანის დედის და არც რობაქიძის...
მოვკვდი, დამნაშავედ ვგრძნობდი თავს რომ ვერაფერი გავუკეთე, ვერ დავეხმარე. არადა ნევსი მართლა არ იყო შემოტანილი თურმე და მაშინ არც კი ვიცოდი ზუსტად ვის შემოქონდა ეს ნევსები და წამლები...
--ტუბერკულიოზის წამლები შემოგვქონდა ,,გლობალურ ფონდთან" ერთად და ჩვენ დიდ საქმეს ვაკეთებდით-ამაყად გააჟღერა სანდრა რულოვსმა რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ ჩვენება მივეცი პროკურატურას.
...
ხვალ არჩევნებია ზუგდიდში და იმედი მაქვს ჩემი საყვარელი ზუგდიდელები არ შერცხვებიან ლევანის დედის წინაშე. შვილმოკლულ დედას წარმოსახვით მაინც ჩახედეთ თვალებში ვიდრე საარჩევნო უბანზე 5-იანს შემოხაზავთ, ძალიან გთხოვთ.
..
მე ლევანის სანთელივით გაფითრებულ სახეს ვერ ვივიწყებ, მის გრძელ მილეულ, გაძვალტყავებულ თითებს ვერ ვივიწყებ როცა სხვა კორპუსზე გადავყავდი პაჭკორიას, იგივე ნინძას და დასამშვიდობებლად შევედი...მისი ცივი ტუჩებიც მახსოვს ჩემს ლოყაზე... მაპატიე ლევან რომ ვერაფრით დაგეხმარე, მაგრამ გახსოვს? პირობას რომ გაძლევდით მე ვერ მომკლავენ, მოვა დრო და ნახავთ როგორ იზეიმებს სამართალი და ამათ ყველას სიზმარში მოველანდები უკვე ამ პალატებში თავად რომ ისხდებიან-თქო? გეცინებოდათ მაშინ ჩემს ენთუზიაზმზე და ზუსტად იცოდით, თუ ვინმე მოკვდებოდა ჩვენგან ეს პირველი მე ვიქნებოდი, ჩემთვის ხომ სასიკვდილო განაჩენი გამოტანილი ჰქონდათ, მაგრამ მე გადავრჩი, მაგრამ ეს ის გადარჩენაა,როცა არ იცი ზუსტად რომელი სჯობდა, სიკვდილი, იქ, თქვენს გვერდით, თუ გადარჩენა... ეს ომიდან დაბრუნებას ჰგავს, როცა არ იცი უნდა გიხაროდეს თუ უნდა გწყინდეს, რადგან იქ, ფრონტზე შენს გვერდით უთვალავი ადამიანი დაიღუპა შენს თვალწინ...
ლევან იმედი მაქვს მალე გამოჩნდება სპონსორი და გამოვცემ ჩემს მომდევნო სამ წიგნს ერთდროულად. მათ შორის ერთში ის მოთხრობებიც შევა ნაცემ-ნაბეგვები საღამოს რომ წყნარად დავსხდებოდით და გიკითხავდით და თქვენ მეუბნებოდით, მოთხრობებს ციხეზე რატომ არ წერო, სულ სიყვარულზე, სიკეთეზე რატომ წერო, გაიხედ-გამოიხედე რა ხდება აქო... ციხეზე სხვა რამეს ვწერდი ლევან და არ გეუბნებოდით, რადგან ამით საფრთხეში ჩაგაგდებდით ყველას...დიახ. ამ სამი წიგნიდან ,,გამოცდა ხელბორკილით"-მეორე ნაწილი იქნება ერთ-ერთი.
მენატრები უზომოდ!"