„ნაცებში „რადიკალებსა" და „ზომიერებს" შორის დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შედის", - წერს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
„არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, სანდრა რულოვსის განცხადება და მასზე პოლიტსაბჭოს წევრების პასუხები, იმის მაჩვენებელია, რომ ნაცებში „რადიკალებსა" და „ზომიერებს" შორის დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ის გაურკვევლობა, რომელიც ამ განცხადებამ ნაცების მხარდამჭერებში გამოიწვია, არჩევნების შედეგებზე საკმაოდ დიდ გავლენას იქონიებს და მათ აქტივობას ძალიან შეამცირებს. ცენტრალური ოფისი ფიზიკურად ვერ შეძლებს, ხელახალი „საგანმანათლებლო" მუშაობის ჩატარებას. სამაგიეროდ არჩევნების შემდეგ დაიწყება გაყრის პროცესი, რომელიც არცთუ ისე „ცივილური" იქნება. რაღაც პერიოდის შემდეგ მიშა შეეცდება რადიკალებისგან ახალი პარტიის ჩამოყალიბებას, მაგრამ ის ნამდვილად ვერ მოახერხებს იმ ინტელექტუალური ძალის მობილიზებას, რომელიც „ზომიერებში" დარჩება, რაც პირველ რიგში დასავლეთთან ურთიერთობაზე იქონიებს გავლენას.
მოკლედ რომ ვთქვა, ნაცებთან საინტერესო პროცესები განვითარდება. ჩვენ კი ისღა გვრჩება, რომ პოპკორნი მოვიმარაგოთ და ახალ ბლოკბასტერს დაველოდოთ", - წერს გია გაბრიჭიძე.