თელავი-ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აშშ საქართველოს რეგიონის ლიდერად თვლის და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად კვლავაც განიხილავს.
„ამერიკის შეერტებული შტატები ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ეს ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყების მანიშნებელია. ის, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ჩვენ არ გაგვკვირვებია, რადგან ეს ჩვენთვის სტანდარტი უნდა იყოს. შესაძლოა, გვიკვირდეს ის რამდენიმე არასასურველი ინციდენტი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამ ინციდენტებს ჰყავდა ავტორები, რომლებიც ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევნებზე დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობდნენ", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა თვითშეფასება აუცილებლად უნდა მოახდინონ.
„მიუხედავად იმისა, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩვენ ძლიერი და სუსტი მხარეები გვქონდა და ამის ანალიზი აუცილებლად უნდა მოხდეს. ის პროცესი, რაც დღეს პოლიტიკურ არენაზე მიმდინარეობს, ბუნებრივი პროცესია და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. თუ 2012 წლამდე თავისუფლებას, თავისუფალ არჩევნებს, ხმებს და თავს ვიცავდით, დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა და ამომრჩეველი არჩევანს პოლიტიკური გემოვნებით აკეთებს და ახალ რეალობაში პოლიტიკურ პარტიებს თვითშეფასება მოუწევთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.