„თუკი მექნება არჩევანის საშუალება, ნებისმიერი ახალი გამოწვევა, რომელიც ეხება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიცაა განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობა, ჩემთვის არის საინტერესო", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, მარიამ ჯაშმა მისი კანდიდატურის საპარლამენტო თანამდებობაზე განხილვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მარიამ ჯაში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელ თანამდებობებთან დაკავშირებით და კონსულტაციების ფარგლებში მისი კანდიდატურაც განიხილება.
„ჩემი კანდიდატურა განიხილება იმ პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც ბაზისურ სოციალურ პოლიტიკურ მიმართულებებს და ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ეხება. სულ რამდენიმე დღეში, პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატში მოხდება პოზიციების შეჯერება და მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. თუკი არჩევანის საშუალება მექნება, ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები ჩვენ უკვე განვახორციელეთ. გარდა ამისა, ჩვენ გუნდში არაერთი გამოცდილი სპეციალისტი და ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტია. მე მაინც ავირჩევდი ახალ გამოწვევებს, რადგან ახალი გამოწვევა ჩემთვის უფრო საინტერესოა. თუკი არჩევანის საშუალება მექნება, ნებისმიერი ახალი გამოწვევა, რომელიც ეხება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიც არის განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობა, ჩემთვის არის საინტერესო", - განუცხადა ჟურნალისტებს მარიამ ჯაშმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, მარიამ ჯაშის კანდიდატურა განიხილება ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტებზე.