ავტორი ალა გრიგალაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარის დავით ლილუაშვილის შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში.
„მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს მართვის სადავეებთან კვლავ რჩება ისეთი დემოკრატიული ძალა, როგორიც არის „ქართული ოცნება". ვფიქრობ, ამით ქვეყანა კვლავ გააგრძელებს სამართლიანი და დემოკრატიული გზით სვლას. ასევე მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტში შევიდა ისეთი ეროვნული ძალა, როგორიც არის „პატრიოტთა ალიანსი".
ძალიან გამიკვირდა, როგორ აიღო 27 % „ნაციონალურმა მოძრაობამ". ამ პარტიას კვლავ სურდა ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ ამომრჩეველთა კეთილგონიერებამ განაპირობა ის, რომ ისინი არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და კვლავ არ გაგრძელდა ქვეყნის ნგრევა, ადამიანის უფლებების ტოტალური შელახვა და ა.შ.", - განაცხადა ლილუაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება მთავრობის ფორმირებას, ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებები განხორციელდეს.
„ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო ინატრებდა ასეთი ტიპის პოლიტიკოსს პრემიერ-მინისტრის რანგში. საამაყო, რომ საქართველოში გვყავს ასეთი დონის პრემიერ-მინისტრი. გვყავს ძლიერი მინისტრები, მაგრამ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ", - განაცხადა ლილუაშვილმა.