ავტორი ალა გრიგალაშვილი
„საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ ვადებულებას.
„ჩემს თვალწინ და ჩემი მონაწილეობით ბევრმა არჩევნებმა ჩაიარა. ჩემთვის უჩვეულო იყო, რომ მთელი წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში „ქართული ოცნების" მხრიდან ნაკლებად იყო დაპირებები, ანუ იგივე წინასაარჩევნო პიარი. არჩევნების შემდგომ, როცა სრული გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ", პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და თქვა, რომ პირველი ნოემბრიდან ყველა მოქალაქე იგრძნობს საკუთარ თავზე ეკონომიკურ თუ სოციალურ წინსვლას. ეს იყო უკვე გამარჯვებული პოლიტიკური ძალისგან მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო ჟესტი.
ასევე, გუშინ ვნახე და ძალიან მესიამოვნა -დიდი ბანერებია ქალაქში გაკრული, წარწერით - „მადლობა ნდობისთვის". ეს გაკეთდა არჩევნების შემდეგ. ეს ქმედება წინა ხელისუფლებებისგან გამოარჩევს „ქართულ ოცნებას"; და განსხვავებული და სასიამოავნო დამოკიდებულებაა ამომრჩევლის მიმართ.
რაც შეეხება პრემიერს, სრული ნდობა მაქვს და ძალიან დადებითად ვარ განწყობილი გიორგი კვირიკაშვილის მიმართ. ასევე, მივესალმები ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენას. ის არის ძალიან განათლებული და გაწონასწორებული პიროვნება. ასე რომ, მე დადებითად ვარ განწყობილი", - განაცხადა ხოფერიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში.