ავტორი ალა გრიგალაშვილი
„სააკაშვილის მომავალი უკრაინაში ბუნდოვანია", - ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და ის პასუხისგებაში მიეცეს.
„სააკაშვილის გათავისუფლებას რომ აპირებდა პოროშენკო, ეს ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე იყო ცნობილი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანტიკორუფციულმა საბჭომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ანუ უკრაინაში მიმდინარეობს გამოძიება სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასთან დაკავშირებით, ფულადი რესურსების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ბევრი საუბრობს სააკაშვილის პერსპექტივებთან დაკავშირებით, სინამდვილეშიმ მას უკაინაში მძიმე პერსპექტივა ელის, რადგან იქაური გამოძიება დაინტერესებულია ოდესაში განხორციელებული დანაშაულებრივი მოქმედებებით. სააკაშვილის მომავალი უკრაინაში ბუნდოვანია. შესაძლოა, ის არათუ ქართული, უკრაინული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს. ეს ყველაფერი კი, დიდი ალბათობით, მიზეზია იმისა, რომ სააკაშვილი გადადგა.
რაც შეეხება მის ექსტრადირებას, ეს პრობლემატური საკითხია, რადგან უკრაინა თავისი ქვეყნის მოქალაქეს არ გადმოსცემს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი რამ, ისტორიაში უამრავი მაგალითი ყოფილა, როცა საკუთარი მოქალაქე გადაუციათ. ასე რომ, გამორიცხული არაფერია. მითუმეტეს, პოროშენკოს აღარ სურს, სააკაშვილს ხედავდეს უკრაინაში. ხოლო თუ მან უკრაინა დატოვა, მაშინ მეტი შანსია, მისი ექსტრადირება მოხდეს საქართველოში. მოგეხსენებათ, სააკაშვილი როგორი ტიპია, ის ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, მითუმეტეს, რომ უკრაინაში მას არანაირი თანამდებობა აღარ აქვს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ის ქართული ან უკრაინული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს", - განაცხადა მჟავანაძემ.