ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ვფიქრობ, სააკაშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს უკრაინაში, რადგან უკრაინა არ არის საქართველო და იქ გაცილებით უფრო სერიოზული ძალები არიან, რომლებიც სააკაშვილს არ მისცემენ საშუალებას, განახორციელოს არაადეკვატური ქმედებები, რისი საშუალებაც მას საქართველოში მიეცა", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
მისი შეფასებით, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა განსაკუთრებული ყურადღების საგანი არ უნდა გახდეს.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, თუ რა პერიპეტიებს გადის ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენს მეგობარ ქვეყნაში გუბერნატორის თანამდებობაზე იყო, რეალურად კი ის უნდა მჯდარიყო ქართულ საპატიმროში. სამწუხაროდ, ის გაიპარა საქართველოდან. რეალურად, არც არავის უზრუნია, რომ ეს ადამიანი უკან დაებრუნებინა. ამ ქმედებას არც აზრი ექნებოდა, რადგან სააკაშვილი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდა.
რა პოლიტიკურ კატაკლიზმებს განიცდის სააკაშვილი, ეს მისი პრობლემაა. რომ გითხრათ, რომ ამ ყოველივეს საქართველოზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია, ასე არაა. კონკრეტული ადამიანები დასავლეთში, აშშ-ში იყენებენ მის ფიგურას გარკვეული პოლიტიკური თამაშებისთვის. ვის რაში სჭირდება ახლა ის, ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. რატომ დატოვა მან პოსტი, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. უბრალოდ, მას იმ სამუშაო არეალში აღარ დაედგომებოდა და ტრადიციული ჩვეული ეპატაჟი მოაწყო, მისცა საკუთარ თავს საშუალება, გააგრძელოს საქმიანობა ოპოზიციურ ფლანგზე იმ ზღაპრებით, რაც საქართველოში არაერთხელ გვაქვს მოსმენილი", - განაცხადა ახვლედიანმა.