ავტორი ალა გრიგალაშვილი
გიგლა ბარამიძე: ტრამპი საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკას ვერ და არ შეცვლის!
„შეერთებული შტატები არ არის ერთი კაცის სახელმწიფო, რომელიც აყალიბებს ვექტორებს, სტრატეგიას და ტაქტიკას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას მხოლოდ პრეზიდენტების გადაწყვეტილებებით", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ გააკეთა.
მისი თქმით, პრეზიდენტს მასალებს უდებენ და სთავაზობენ კონკრეტულ ტაქტიკას და სტრატეგიას.
„შეერთებულ შტატებში არ ხდება ისე, როგორც ხდება საქართვლოში, რომ ერთი ადამიანის სურვილებით მიმდინარეობდეს ქვეყნის ცხოვრება. შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ურთიერთობის თითქმის 25-წლიანი ტრადიცია აქვს. ეს არის მათი ხედვები და ისინი ამ ხედვებს არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევენ. რამდენადაც განსხვავებული არ უნდა იყოს რესპუბლიკელების და დემოკრატების ხედვები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ამიერკავკასიასთან დაკავშირებით, სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, საქართველოსთან დაკავშირებით არის ძირითადად უცვლელი. ასე რომ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი საქართველოსთან მიმართებაში ვერ და არ შეცვლის პოლიტიკას, მიდგომები შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ გენერალური პოლიტიკა არ შეიცვლება" , - განაცხადა ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.