ავტორი ალა გრიგალაშვილი
„აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მთელი მსოფლიოსთვის", - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია აცხადებს.
როგორც ნაჭყებია ვარაუდობს, დონალდ ტრამპის არჩევით აშშ-ის პოლიტიკა რადიკალურად არ შეიცვლება.
„ამერიკის პოლიტიკაზე დამოკიდებულია ძალიან ბევრი რამ, მათ შორის საქართველოსთანაც მიმართებაში, რადგან სერიოზულად ვართ დამოკიდებულ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე.
ზოგისთვის აპოკალიფსის ტოლფასია, რაც მოხდა აშშ-ში. მე ასე ნამდვილად არ ვთვლი და ვვარაუდობ, რომ დონალდ ტრამპის არჩევით ქართული პოლიტიკისთვის, ქვეყნის საგარეო კურსისთვის ბევრი რამ არ შეიცვლება. არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ამერიკისთვის - არ შეიცვლება სტრატეგია, მისი დამოკიდებულება მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ბალანსის მიმართ. ჩემი აზრით, მნიშვნელოვნად და რადიკალურად არ შეიცვლება.
ერთია, ტრამპის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები და მეორეა, რას მივიღებთ. ჯერ 24 საათიც არ გასულა ამ არჩევნებიდან და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ტრამპმა რადიკალურად შეცვალა რიტორიკა. ჰილარი კლინტონის შესახებ თუკი ამბობდა, რომ მისი ადგილი ციხეშია, დღეს ის საუბრობს, რომ კლინტონს ისტორიული როლი აქვს შესრულებული აშშ-ის პოლიტიკაში; თუ ის საუბრობდა, რომ რუსეთის მიმართ იქნებოდა რბილი პოლიტიკის გამტარებელი, ახლა ამბობს, რომ არავითარი სანქციების მოხსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს და რაც გააკეთა რუსეთმა უკრაინაში, იმის პატიება არ შეიძლება -დაახლოებით ასეთი რიტორიკით საუბრობს ის ახლა.
ასე რომ, არ მგონია, რომ აშშ-ის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება", - განაცხადა ნაჭყებიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.