ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ყველაზე უფრო ახირებული თავად სააკაშვილია, მე მაგათი ჭირისუფლურ საქციელებში ვერ ჩავერევი და არც მაინტერესებს. არ ვთვლი, რომ სააკაშვილის გიჟმაჟურ განცხადებებს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ", - აცხადებს პარლამენტარი დათო ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა თანაგუნდელები გააკრიტიკა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის გამო.
„ეს არის წარსულის პოლიტიკური ძალა. თუ ეს პარტია იყო დომინანტი და მართავდა ქვეყანას, ეს არის ერთადერთი ადამიანის დამსახურება - ეს ადამიანი არის სააკაშვილი, რომელსაც დღეს აღარ ემორჩილებიან.
ნაციონალები არიან ერთი ცომისგან მოზელილი, არ მახსენდება არცერთი მათი განცხადება, რომელიც ემიჯნებოდეს რაღაც ფორმით მაინც მათ იმ ავანტიურისტულ მოქმედებებს, რომელიც 9 წლის განმავლობაში გაიარეს. რაც არ უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს იქნება უბადრუკი მცდელობა, საკუთარი თავი შეინარჩუნონ პოლიტიკურ ავანსცენაზე", - განაცხადა ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.