საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მისაღებად მხოლოდ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დარჩა.
„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არჩევნებამდე იყო მიღებული. ამ ეტაპზე პარლამენტსა და ევროკავშირის საელჩოს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეჩერების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი დარჩენილი ბარიერი ვიზალიბერალიზაციის გზაზე. თუმცა, აქაც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი, რადგან ძირითადი პრინციპები უკვე შეთანხმებულია და მხოლოდ დეტალებზე მიდის საუბარი, განხილვა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტიური მოლაპარაკების პროცესი წარმატებით და მალე დასრულდება და ამასთანავე საქართველო მიირებს ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ გვესმის სხვადასხვა ლიდერის სხვადასხვა განცხადება. ბევრი უთითებს გარკვეულ თარიღებსა და ვადებს. ჩვენ არასდროს ვსაუბრობდით ვადებზე, საზოგადოებას ყოველთვის ვაყენებთ საქმის კურსში. ახლაც მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც კი ეს საერთო რეგულაცია განახლდება საქართველო მიიღებს ვიზალიბერალიზაციას",- განაცხადა ჯანელიძემ.