ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი გოგლა ჟვანია, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მიღმა აღმოჩნდა, აცხადებს, რომ მას პოლიტიკიდან წასვლა ჯერ დაგეგმილი არ ჰქონდა. როგორც ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მისი სიაში არყოფნასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიიღო.
„როდესაც დაიწყო საუბარი „ქართული ოცნების" სიების შედგენაზე, ბუნებრივია, მაშინ შევხვდი პარტიის ხელმძღვანელობას. შეთანხმება ასეთი იყო, რომ როგორც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ისე მოქცეულიყვნენ. პრინციპული პოზიცია, რომ პარლამენტში ვყოფილიყავი, არ მქონია, თუმცა ჩემი პარლამენტში ყოფნაზე შემოთავაზება არც ყოფილა. რაც შეეხება ჩემს ყოფნას სიაში, პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა სრული თავისუფლება, რეალურად გრძელვადიანი გეგმები პოლიტიკაში ყოფნის მე არ გამაჩნდა. ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ პარტიამ იმ ადამიანებზე გააკეთოს აქცენტები, რომლებიც პოლიტიკაში აპირებენ საქმიანობას. ეს გადაწყვეტილება მიიღო პარტიის ხელმძღვანელობამ, ჩემთვის ეს არ ყოფილა მოულოდნელი. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ამ წუთას პოლიტიკიდან წასვლა დაგეგმილი არ მქონია. პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა სრული თავისუფლება და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიაჩნდათ სწორად", - განაცხადა ჟვანიამ.