logo_geo
eng_logo
„ყოველთვის ვაცნობიერებდი, დღეს სად ვარ საჭირო და ხვალ სად ვიქნები საჭირო“, - სად განაგრძობს საქმიანობას ლუკა კურტანიძე
- +

15 ნოემბერი. 2016. 13:25


 

„ქართული ოცნების" ის წევრები, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტში აღარ იქნებიან, მმართველი პარტიის ლიდერებთან კონსულტაციებს მართავენ. შეხვედრის თემა ეხება პარლამენტს მიღმა დარჩენილი გამოცდილი კადრების სამომავლო პოზიციებს, თუ ვინ სად და რომელ სტრუქტურაში განაგრძობს საქმიანობას. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გუშინ შედგა, რომელსაც ლუკა კურტანიძეც ესწრებოდა. როგორც პარლამენტარმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონსულტაციები მიმდინარეობს ორმხრივ რეჟიმში და საბოლოო შეთანხმება კვირის ბოლომდე იქნება მიღწეული.


როგორ კურტანიძემ აღნიშნა, დიდი ალბათობით, ის შს სამინისტროში ან სპორტის მიმართულებით დაიკავებს კონკრეტულ თანამდებობას.

 

„ეს არის ღირსეული მიდგომა თანაგუნდელების მიმართ, რაც დასაფასებელია. საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შემდეგ ყველა გამოცდილი კადრი ქვეყნისთვის გამოსადეგარია. ამ მხრივ მიმდინარეობს კონსულტაციები, ვინ სად იქნება. დასაფასებელია, რომ გუნდის წევრებთან არის კონსულტაციები და არა პირდაპირი შეთავაზებები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რადგან ეს არის ორმხრივი დაფასება.

 

გუშინდელი შეხვედრა იყო ბოლოსწინა შეხვედრა, ახლო მომავალში ყველა გაიგებს, ვინ რა პოზიციას დაიკავებს.

 

ჩემს შემთხვევაში შეთანხმება მიღწეული იქნება ძალიან მალე. გუნდის ლიდერებს არჩევანი ჰქონდათ, სად უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება ლუკა კურტანიძე.

 

22 წელია შს სამინისტროში ვარ ოფიცერი და ასევე სპორტში დავიბადე-გავიზარდე, ასე რომ, გუნდს აქვს არჩევანი და საბოლოო სიტყვა მათზეა.

 

წყენა არ ყოფილა, პოლიტიკაში უფრო დიდი წყენები არსებობს, თუ მივუდგებით სწორად და გუნდური პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, დღეს შეიძლება ერთ პოზიციაზე იყო, ხვალ - მეორეზე. პოზიციების მიხედვით ყოველთვის ვაცნობიერებდი, დღეს სად ვარ საჭირო და ხვალ სად ვიქნები საჭირო. მთავარია, ადამიანს არასოდეს ავიწყდებოდეს ღირსება და საქმისადმი სიყვარული", - განაცხადა კურტანიძემ.

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner