ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მე მინდა, რომ ჩვენ დაკავებული ვიყოთ ქვეყნის აღმშენებლობაზე დისკუსიით და არა ერთმანეთის ლანძღვით. მინდა, რაც შეიძლება ნაკლები შენიშვნები გვქონდეს ერთმანეთის ვარცხნილობაზე, ჩაცმულობაზე, წონაზე და ა.შ. რაც ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე კობა ნარჩემაშვილმა გააკეთა.
„ქართული ოცნების" წევრის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ მცდელობა საკონსტიტუციო უმრავლესობა კატასტროფად ყოფილიყო ნაჩვენები, გაქარწყლდა.
„ძალიან კარგია, რომ დასრულდა იმგვარი ინტერპრეტაცია, თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობა კატასტროფაა ქვეყნისთვის, რადგან რაც კონსტიტუციურია, ძალიან კარგია, მითუმეტეს, იმგვარი ხელისუფლების პირობებში, რომელიც არ არის ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი. მე საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხეს ვერ ვხედავ, პირიქით. ამ შემთხვევაში ამ მთავრობის მმართველობის შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობაა და დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამას ეფექტურობისთვის გამოიყენებს. ძალიან კარგია, რომ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კატასტროფა არ არის, პოლიტიკურად ჩამორჩენილად აღარ ითვლება, რადგან მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სწორედ ამ მანდატით გაემარჯვა „ქართულ ოცნებას". მინდა, რომ ჩვენ დაკავებული ვიყოთ ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვით და არა ერთმანეთის ლანძღვით. მინდა, დაკავებული ვიყოთ დისკუსიით და რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს შენიშვნები ერთმანეთის ვარცხნილობაზე, ჩაცმულობაზე, წონაზე და ა.შ. რაც არის ხოლმე ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.