ავტორი ალა გრიგალაშვილი
ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრებთან დაკავშირებით „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ისაუბრა, რომელიც ჯგუფის მუშაობაში ახლახან ჩაერთო. პოლიტიკოსი მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ჯერ კიდევ არჩევნებამდე უნდა გაერთიანებულიყო.
„2 ნაწილად გავყოფ: ერთი არის თემა, რომელიც ეხება კოალიციის შექმნას, რომლის შესახებაც მე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს და ვერ შევაფასებ ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად. უშუალოდ კოალიციაზეც ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ არაფერი გამოკვეთილა. ამ საკითხზე კონსულტაციები არჩევნებამდეც მიმდინარეობდა და მის მერეც მიმდინარეობს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიათა იმ ჯგუფს, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, ამ ჯგუფში მონაწილეობას მივიღებ. რამდენიმე პოლიტიკური პარტია უკვე დამიკავშირდა ამ საკითხზე და მე ვუთხარი თანხმობა.
რაც შეეხება ზოგადად მესამე ძალის ფორმირებას, ვფიქრობ, ეს აქამდე უნდა შექნილიყო. ჩვენ ამის შანსი გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგრამ ეს შანსი გაშვებულ იქნა ხელიდან. ამ პროცესში აქტიურად ვმონაწილეობდი. ახლა რომ დავიწყოთ საუბარი, რატომ ვერ შედგა, ეს დაემსგავსება ურთიერთგადაბრალებებს, ამიტომ ახლა ამაზე საუბარი გვიანია. თუმცა, მომავალი წინ არის და უნდა მოხდეს ისეთ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება, რომელსაც შეეძლება, საზოგადოებას შესთავაზოს ახალი გზა ქვეყნის განვითარების", - განაცხადა ბაღათურიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში.