უსუფაშვილი ჯიბეში ჩაისვამს დღევანდელ თავმჯდომარეს და ყველას, ვინც იქ იქნებოდა წარმოდგენილი, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა თავისი პარტიის ყოფილ ლიდერსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" აღნიშნა, დავით უსუფაშვილის მიერ "რესპუბლიკელების" დატოვება დიდი დანაკლისი იყო.
"როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საერთოდ ჩემპიონი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის, მიუხედავად იმისა რომ არჩევანი საკმაოდ დიდია, რადგან ჩვენ გვყოლია ძალიან კარგი თავმჯდომარეები. ფაქტობრივად, ზურაბ ჟვანიას, დათო ბაქრაძეს და თუნდაც ნინო ბურჯანაძეს ვადარებ. ყველა შემთხვევაში, უსუფაშვილი მიმაჩნია, რომ აღემატებოდა თავის წინამორბედებს. ეს ასე დარჩება, განურჩევლად იმისა, რომელ პარტიაში იქნება ის.
თუ მომავალშიც იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, ის იქნება იდეალური, რადგანაც ნაკლებად არის პარტიული და უფრო მეტად არის გამშველებელი. ეს პოსტი მისთვის უფრო შესაფერისია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარეობა. უბრალოდ მართლა მიკვირს, პარტიული ლიდერობის შემდეგ მას სხვა პარტიის შექმნის იდეა რომ აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, პარტიიდან ასეთი კაცის წასვლით გულდაწყვეტილები ვართ. მაგრამ ამასთანავე ვფიქრობ, რომ მისი წასვლა შეცდომა იყო", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე შეფასებით, უსუფაშვილი საუკეთესო თავმჯდომარე იყო საქართველოს პარლამენტის ისტორიაში და მას ვერც დღევანდელი თავმჯდომარე ვერ აჯობებს.
"თუკი ვინმემ იცის ფოკუსი, პოლიტიკური პარტიის გარეშე როგორ აღმოჩნდეს უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ, მე ამას მივესალმები, რადგან ჯიბეში ჩაისვამს დღევანდელ თავმჯდომარეს და ყველას, ვინც იქ იქნებოდა წარმოდგენილი, ვინაიდან არ ჰყავთ მათ ამ დონის მოღვაწე. მაგრამ არც ერთი პარტია არ ისურვებს ისეთ ლიდერს, რომელსაც მომრიგებლური ფუნქცია აქვს. ყველას სჭირდება გლადიატორი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.