„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა შეაფასა. ფოფხაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის განზრახვაზე, ახალ წლამდე 1 წუთით ადრე, მარიხუანის დარგვის შესახებ. მისი თქმით, გირჩის ეს ინიციატივა ხელს უწყობს ნარკოტიკების პოპულარიზაციას და მისი შეფასებით, პრობლების აღმოფხვრისკენ არ არის მიმართული:
"ზოგადად ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ლიბერალიზაციის მომხრე ყოველთვის ვიყავი. 2012 წლის შემდეგ შეიცვალა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკისადმი დამოკიდებულება, როდესაც ამნისტია მივიღეთ მომხმარებლები გამოვუშვით საპატიმროებიდან. მეორე მხრივ აბსოლუტურად დაუშვებელია ნარკოტიკების მოხმარების პოპულარიზაცია და ამ კუთხით რაიმე პროპაგანდის ნიშნები. ვიღაცას არ უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ნარკოტიკის მოხომარება კარგია. ამ კონტექსტში ასეთი ფორმით გამოხატვა, რომ დავრგავ ნარკოტიკს, მე მაინც არასწორად მიმაჩნია. მე მგონი ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ისეთ მიდგომებზე, რომელიც მაქსიმალურად ლიბერალური იქნება თუნდაც ადმინისტრირების კუთხით ამ ადამიანებთან მიმართებაში".
გედევან ფოფხაძეს მიაჩნია, რომ მოხმარების გამო რაღაც შეზღუდვები მაინც უნდა არსებობდეს, ამასთან, მისივე აზრით, უნდა დაიხვეწოს შემოწმების მეთოდებიც:
"მოხმარებასთან მიმართებაში დღეს შემოწმების მეთოდები შეიძლება დაიხვეწოს, სტანდარტი შეიცვალოს, ანუ როდესაც ადამიანი გადაჰყავთ შემოწმებაზე, ძალიან მაღალი უნდა იყოს ვარაუდი იმისა, რომ მართლა არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ რადგან ეს საკმაოდ შეურაცხმყოფელი პროცედურა".