ავტორი ალა გრიგალაშვილი
„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. განცხადების ტექსტი პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა:
„საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით გასული წლის 22 ნოემბერს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან გამომდინარე ა.წ. 8 და 16 ნოემბერს „არგენტინის სახლმა საქართველოში" წერილები გააგზავნა საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ ფონდში", ამავე ფონდის დამფუძნებლის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის სახელზე. საკითხი ეხება მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ ნახევარში ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებისათვის დაფინანსებას:
1. საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგების, ენერგეტიკისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, არგენტინისა და ბრაზილიის ბიზნესწრეების ეკონომიკური ფორუმის მოწყობა თბილისში, სიღნაღის მუნიციპალიტეტსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში;
2. არგენტინისა და ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს შორის ამხანაგური თამაშის ჩატარება ფეხბურთში - „მეგობრობის თასზე";
3. ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაცია, 1965 წელს, მოსკოვში, ბრაზილიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებს შორის, ამხანაგური თამაშის შემდეგ გადაღებული ისტორიული ფოტოს მიხედვით, - რომელშიც ასახული არიან გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი;
4. ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაციაზე პელეს, გიორგი სიჭინავასა და ანზორ კავაზაშვილის მოწვევა;
5. პოეტ ავთანდილ ხარაიშვილის „ჰიმნი ვარსკვლავებზე", ბ-ნ ვაჟა აზარაშვილის მუსიკის მიხედვით - პრეზენტაცია;
6. არგენტინის, ბრაზილიისა და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი.
აღსანიშნავია, რომ „ქართუ ფონდის" მიერ გაწეული თანხები დაბრუნებული იქნება არგენტინა-ბრაზილიის ამხანაგური თამაშისა და არგენტინის, ბრაზილიისა და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიდან შემოსული თანხებიდან. ამის შესახებ ა.წ. 16 ნოემბერს ეცნობა „ქართუ ფონდს". აგრეთვე, აღნიშნულთან დაკავშირებით წერილი გავუგზავნეთ და საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი , შესაბამისი სამინისტროები, თბილისის მერია, მცხეთა-მთიანეთის გუბერნია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსული თანხები მოხმარდება, ჭაბუკ ფეხბურთელთა გადამზადებას არგენტინასა და ბრაზილიაში და პირველი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში.
„არგენტინის სახლი საქართველოში" ბატონ ბიძინა ივანიშვილს სთხოვს ა.წ. 8 და 16 ნოემბერს „ქართუ ფონდში" გაგზავნილი წერილები აიყვანოს კონტროლზე და გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობოს პასუხი", - განაცხადა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში.