ავტორი ალა გრიგალაშვილი
კარლო კოპალიანი მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგია. როგორც „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის წევრმა განაცხადა, დაუშვებელია ამ ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაცია, რადგან მისი თვისებები ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს და მას ნარკომანად აყალიბებს.
„ჯერ კიდევ მაშინ დავაფიქსირე ამ საკითხზე ჩემი პოზიცია, ხაჩიძემ და ჯაფარიძემ კომიტეტზე რომ შემოიტანეს განსახილველად ეს ინიციატივა. ისეთი ადამიანები ესწრებოდნენ ამ კომიტეტის სხდომას, რომ აშკარად ეტყობოდათ მიდრეკილება ნარკოტიკული ნივთიერების, კერძოდ, მარიხუანას მიმართ. ვინც ამის ინიციატორია და მხარს უჭერს, ლიბერალური აზროვნებით რომ გამოირჩევიან, საკუთარ შვილებს თუ მოუწოდებენ, რომ გაბრუებული იარონ ყოველდღე მარიხუანით? მე ვარ სასტიკი წინააღმდეგი, ვინაიდან მარიხუანას მოხმარებიდან იწყება ადამიანის დეგრადირება, მერე ორგანიზმი ითხოვს სხვა, უფრო ძლიერ ნარკოტიკს და ადამიანი ყალიბდება ნარკომანად. ვერ წარმომიდგენია ჩემი შვილები თავის მეგობრებთან ერთად მოვიდნენ და მარიხუანა გააბოლონ და იკაიფონ. პროტესტის ნიშნად დავრგავთო, ადგეს, თავის სახლში ქოთანში დარგოს, თავის შვილს გაუზარდოს და ლოგინში მიართვას გამზადებული მარიხუანა, ვისაც ეს უნდა. კიდევ თუ შემოვა ინიციატივა პარლამენტში, იმავე პოზიციას დავაფიქსირებ, რომ ვარ სასტიკი წინააღმდეგი", - განაცხადა კოპალიანმა.