logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი კიევზე შეტევისთვის ემზადება - ყოფილი გუბერნატორი ახალ პარტიას ქმნის
- +

23 ნოემბერი. 2016. 13:42



ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან სკანდალურად გადამდგარმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია -  მოძრაობა „ახალი ძალების" („რუხ ნოვიხ სილ") დაარსება გამოაცხადა, რომლის პირველი ყრილობა კიევში 27 ნოემბერს ჩატარდება. აშკარაა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ნაწილობრივ მიითვისა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, პატრიოტული პარტიის „ნაროდნიი რუხ"-ის სახელწოდება. ექსპერტთა აზრით, ამით მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში პირველ როლზე პრეტენზიას აცხადებს.



როგორც ცნობილია, ქართველ „ვარიაგებს" რამდენიმე თვის წინათ ჩაფიქრებული ჰქონდათ დაეარსებინათ პარტია „ხვილია" („ტალღა"), მაგრამ როგორც 14 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ტელეკომპანია „24"-ის კორესპონდენტთან, ჟურნალისტ სონია კოშკინასთან საუბარში განაცხადა, „არავითარი „ხვილია" არ იქნება. ტალღა მოიქცევა, შემდეგ კი უკან მიდის. [ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ]".



თვითონ ექს-გუბერნატორი ამბიციებს არ მალავს. „დღეს ჩვენს ოფისში საინიციატივო ჯგუფის დაახლოებით ასამდე წარმომადგენელი შეიკრიბა, მთელი უკრაინის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შეხვედრას უკრაინის უშიშროების სამსახური უთვალთვალებდა, ძველი პოლიტიკურ კლანები მაინც ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ „ახალი ძალების მოძრაობა" ვართ. თვით სიტყვა „რუხ" („მოძრაობა") იმას აირეკლავს, რასაც გავაკეთებთ. ეს სიტყვა გარდაქმნებისა და ცვლილებების, გამარჯვების სიმბოლოა", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში.



ახალი მოძრაობის საბჭოს პირველი სხდომა კიევში მდებარე იმ შენობაში ჩატარდება, სადაც ადრე უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის მუშაობდა და მისი ადმინისტრაციის უფროსის - ანდრეი კლუევის ოფისი იყო. ამ არაერთმნიშვნელოვანი ასოციაციების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ყველა დემოკრატიულ ძალას მოუწოდებს შეუერთდნენ მის მოძრაობას, რომელიც მალე გამოქვეყნებს თავის მოთხოვნებს და დაიწყებს პოლიტიკური ელიტის განახლებას საკადრო რეზერვის მეშვეობით".



„ახალი ძალების მოძრაობისთვის" ძირითადი მოწინააღმდეგე, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იქნება. ამაში დარწმუნებულია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელმაც „კომერსანტთან" საუბრისას ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა: „მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრენი ავრცელებენ ხმებს, რომ ვითომდა უკრაინის ხელისუფლება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს და საქართველოსათვის გადაცემას გეგმავსო, სადაც ექს-პრეზიდენტს რამდენიმე მუხლით ბრალი აქვს წაყენებული. მაგრამ ჩვენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსათვის გადაცემას არ ვაპირებთ, მას ტყუილად ეშინია", - ამბობს პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ამავე დროს „კომერსანტის" კიდევ ერთი წყარო, რომელიც გენერალურ პროკურატურასთან ახლო კავშირები აქვს, აცხადებს, რომ „მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე დეტალურად იქნება შესწავლილი, განსაკუთრებით კორუფციის მიმართულებით".



„კომერსანტის" მიერ გამოკითხული უკრაინელი ექსპერტები თვლიან, რომ განსაზღვრულ პირობებში მიხეილ სააკაშვილის ახალ მოძრაობას უკრაინის პოლიტიკურ ველზე ადგილის დაკავების შანსები ნამდვილად აქვს. კიეველი პოლიტოლოგის ალექსეი იაკუბინის აზრით, „მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციული ლოზუნგები შესაფერ ნიადაგს იპოვის მოსახლეობის საერთო უკმაყოფილების ფონზე და მემარცხენე ელექტორატს მიიზიდავს... კომპარტიის აკრძალვისა და სოციალისტების დასუსტების შემდეგ მემარცხენე ელექტორატმა ორიენტირები დაკარგა და ახლა მზად არის მხარი „მესამე ძალას" დაუჭიროს, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდის", - დარწმუნებულია ექსპერტი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner