„ნაციონალური მოძრაობისა" და „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებისგან ეჭვები, შიშები და ბრალდებები მოვისმინე, მაგრამ ვიტყვი, რომ თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით ასეთი აჟიოტაჟის შექმნა არასწორია", - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობს შეთანხმება, ფორმულა, რომელიც ორივე მხარისთვისაა ცნობილი.
„ვადასტურებ, რომ მათ შორის შეთანხმება არ ყოფილა, მაგრამ გული მწყდება, რომ არც ერთს და არც მეორეს არ ეყო პოლიტიკური კულტურა, რომ ის შეთანხმება ეღიარებინათ, რაც არსებობს. ინტერპრეტირება, თითქოს არაფერი იციან, მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს.
ეს კვოტა ოპოზიციას ეკუთვნის და საუბარია იმაზე, ეს მათ შორის როგორ გადანაწილდეს. სამართლიანი და დემოკრატიული მიდგომით, კვოტა მათ შორის არსებული ფარდობითობის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. „ნაციონალურ მოძრაობას" 27 დეპუტატი ჰყავს, „პატრიოტთა ალიანსს" კი - 6. ეს იმას ნიშნავს, რომ კვოტის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობას" ესა თუ ის თანამდებობა ოთხნახევარჯერ მეტი ეკუთვნის. ეს მათთვის ცნობილია და თუ უნდათ, რომ ეს შეთანხმება დამალონ და დრო კინკლაობაში გაატარონ, ეს მათი საქმეა", - განაცხადა სესიაშვილმა.