„ნაცმოძრაობას", ბუნებრივია, აქვს სურვილი, თავისი დღის წესრიგით წაიყვანოს მოსახლეობის ყურადღებაც, თუმცა ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, შევქმნათ პოზიტიური დღის წესრიგი ჩვენი საქმეებიდან, იმ უმნიშვენლოვანესი პროექტებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, ეს იქნება შესაძლებელი, რადგან ინტესივობა ამ პოზიტივს არის ძალიან ბევრი.
„ჩვენზე იქნება დამოკიდებული, როგორ მივიტანთ ამ პოზიტივს მოსახლეობამდე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვასწოროთ ხარვეზები, რათა მოსახლოებამ მიიღოს მაქსიმალურად ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში. ეს იქნება პროცესი, რომელიც პირდაპირ უპასუხებს ჩვენი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის ამოცანას. ამიტომ ვფიქრობ, მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი საქმე დავანახოთ მოქალაქეებს, არამედ ადამიანები მეტი ოპტიმიზმით აღივსონ, ცხოვრებას შეხედონ უფრო პოზიტიური თვალით",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბუნებრივია, არის პრობლემები, ბევრი მოქალაქე გაჭირვებულია, მაგრამ სულ მცირე ის მაინც უნდა გაკეთდეს, რომ ყოველდღიური პოზიტივი მიეწოდოს ადამიანებს, რათა გაუხალისდეთ ცხოვრება.
„სხვათა შორის, ეს გამოწვეევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.