„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა", - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" უმრავლესობასთან შეხვედრისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და ამავე თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.
როგორც მღებრიშვილმა განმარტა, შს სამინისტრო მზად არის ჩაერთოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე დისკუსიაში, ხოლო თუ ეს განხორციელდება, მისი თქმით, უნდა მოხდეს კომპლექსური ღონისძიებების ფონზე, რაც თავის მხრივ, საგანმანთლებლო პროგრამებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვას გულისხმობს.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. "ნარკოპოლიტიკის საკითხი დამატებით შიდა კონსულტაციებს საჭიროებს. საჭირო იქნება მეტი მსჯელობა პროფესიონალებისა და ექსპერტების მონაწილეობით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.