„ოპტიმიზაციის ფარგლებში ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვა მოხდება და თანხები მიმართული იქნება საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისკენ", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ საპარლამენტო უმრავლესობასთან სამთავრობო გუნდის შეხვედრაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები დაინტერესდნენ, რა კუთხით იგეგმება სამხედრო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის ოპტიმიზაცია. ლევან იზორიამ რამდენიმე მიმართულება დაასახელა, სადაც ოპტიმიზაცია არის დაგეგმილი, მათ შორის უწყებაში დეპარტამენტების შემცირება და სამინისტროში მრჩევლების ინსტიტუტის გაუქმება.
"თუ დღეს 53 დეპარტამენტი გვაქვს, შეიძლება 35 დეპარტამენტამდე დავიყვანოთ, რაც სერიოზული ოპტიმიზაციის საფუძველს მოგვცემს. ასევე, ჩვენ, როგორც მინისტრმა, ასევე მოადგილეებმა და გენშტაბის ხელმძღვანელობამ უარი ვთქვით მრჩეველის ინსტიტუტზე. წლიურად ნახევარი მილიონის თანხების ოპტიმიზაცია მოხდება. ანალოგიური იგეგმება გენშტაბშიც.
მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის სფერო არის სახმელეთო ჯარების სარდლობები. კერძოდ, ჩვენ ვყალიბდებით, რომ გვეყოლება ოთხი სამანევრო ბრიგადა სამი კომპონენტით, კერძოდ, ქვეითი, მექანიზირებული და ჯავშანსატანკო ელემენტებით.
ასევე, მესამე მიმართულება, სადაც ოპტიმიზაცია აისახება, გახლავთ ავიაცია. ავიაცია ძირითადად საჰაერო თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული, რისთვისაც წვრთნები უნდა გაიაროს ბრიგადამ. ასევე, ყურადღებას გავამახვილებთ შვეულმფრენების შესაძლებლობის გაუმჯობესებასა და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, ოპტიმიზაციის ფარგლებში იგეგმება საშტატო წოდებრივი კატეგორიების შემცირება. "დღეს ხელოვნურად გაზრდილია ეს კატეგორიები, დაახლოებით 266 შეადგენს და 100-მდე უნდა დაიწიოს. ასევე, ვგეგმავთ ოპტიმიზაციას სამხედრო პოლიციისა და ლოგისტიკის მიმართულებით. ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვა მოხდება და მიმართული იქნება საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისაკენ", - განაცხადა ლევან იზორიამ