logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
- +

25 ნოემბერი. 2016. 21:43



საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამუშაო ვიზიტით აშხაბადს ეწვია, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 


აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თურქმენეთის დამოუკიდებლობის მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში და კონფერენციაში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს; ასევე, დაგეგმილია ოფიციალური სადილი თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელით, მდგრადი ტრანსპორტის გლობალურ კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის.


საქართველოს სახელმწიფო მეთაური თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენმდივანთან ბან კი-მუნთან, თურქმენეთის პრეზიდენტთან გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამმად აშრაფ ღანისთა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.


საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და სს - „საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე ალექსი ნიკოლაიშვილი.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner