საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ყველა შესაბამისი უწყება და მთავრობის მეთაური იმყოფება ყოველდღიური კონტაქტისა და მუშაობის რეჟიმში არამხოლოდ ევროკავშირის სტრუქტურებთან, არამედ წევრ სახელმწიფოებთან.
„მინდა, დაგიდასტუროთ და აღნიშნული ასევე დადასტურდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, სადაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულებისკენ, რომ ჩვენ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა გვაქვს ამ პროცესში. შემიძლია ასევე დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარე კვირაშიც კი მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან ევროპაში, ვინც ჩართულია ამ პროცესში. აღნიშნული კომუნიკაცია ხორციელდება არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის, არამედ პრემიერ-მინისტრის დონეზე. ამიტომ მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა გვაქვს ამ პროცესში", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატმა წარმოადგინა სტატისტიკური ინფორმაცია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებიდან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა პირველმა მიიღო უკრაინამ - 2010 წელს, შემდგომ 2011 წელს - მოლდოვამ, ხოლო ყველაზე გვიან - 2013 წელს საქართველომ. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამ ქვეყნებს შორის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები ყველაზე სწრაფად საქართველომ შეასრულა.
"რომ შევადარო ქვეყნები ერთმანეთს უბრალოდ სტატისტიკის მიზნებისთვის, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად დასჭირდა 4 ანგარიში და ეს განხორციელდა 33 თვის განმავლობაში. რაც შეეხება მოლდოვას, მას დასჭირდა 5 ანგარიში და ეს განხორციელდა 34 თვის განმავლობაში, ხოლო უკრაინას, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდა ამის განსახორციელებლად. ჩვენ ვიცით, რომ 2013 წლიდან დაიწყო უკრაინის კრიზისი, შემდეგ უკვე 2015 წელს ერთი მილიონი მიგრანტი შევიდა ევროპაში და დაფიქსირდა უპრეცედენტო რაოდენობის თავშესაფრის მოთხოვნა გერმანიაში. სწორედ ამ კრიზისებმა და წინა ქვეყნებთან არსებულმა პრაქტიკამ გააჩინა მოთხოვნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განახლებულიყო შეჩერების მექანიზმი, რაზეც ევროკავშირმა მუშაობა დაიწყო 2016 წლის გაზაფხულზე", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მისი თმით, ზემოთ მოყვანილი არასახარბიელო ფაქტორების მიუხედავად, საქართველომ აწარმოა აქტიური თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ რეჟიმში ევროკავშირის წევრ სახელწიფოებთან, ისე თავად ევროკავშირთან, რის შედეგადაც, ევროკავშირში არსებული კრიზისული პერიოდის მიუხედავად, საქართველომ მიიღო დადებითი დასკვნა ევროკავშირის კომისიისგან.
"ვაწარმოეთ ძალიან აქტიური ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკა წევრ ქვეყნებთან და ასევე ევროკავშირთან. მინდა აღვნიშნო, რომ დეკემბერში მთავრობის დამტკიცების შემდეგ პირველივე ვიზიტი პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა განახორციელა ევროკავშირში და იქ ჩატარებული შეხვედრების შედეგად, მიუხედავად ევროკავშირისთვის არსებული კრიზისული მდგომარეობისა, გადაწყდა, რომ საქართველოსთვის კომისიას მიეცა პოზიტიური გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ჩვენ ვიმყოფებით კონტაქტის და მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი აქტიური მუშაობა იგივე გერმანიასთან, საფრანგეთთან, რათა ჩვენი ყველა პარტნიორი დარწმუნდეს, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია არ გაართულებს ევროკავშირში ისედაც რთულ მიგრაციულ პროცესებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.
მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს ასევე გააცნო ყველა ის გადაწყვეტილება, რაც საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირმა მიიღო.
"2016 წლის 7 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, 5 სექტემბერს სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, 5 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებულია პოზიტიური გადაწყვეტილება და ის ამოქმედდება მას შემდეგ, რაც განახლდება შეჩერების მექანიზმი", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე ინფორმაციით, შეჩერების მექანიზმი ასევე ძალიან აქტიურად გადის მოლაპარაკების პროცესს, შესათანხმებელი დარჩა გარკვეული დეტალები ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის და ეს გადაწყვეტილებაც ძალიან მალე იქნება მიღებული.