დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი იმედს გამოთქვამს, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება ტელევიზიის პოლიტიკაზე არ აისახება. „ვინც არ უნდა იყოს მფლობელი, იმედია იგივე ჟურნალისტები დარჩებიან", - აღნიშნავს სუბარი.
მან უღირსი და ცილისმწამებლური უწოდა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნიკა მელიას ბრალდებებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით.
„ის, რაც ნიკანორ მელიამ თქვა, ეს არ არის ბრალდებები, ეს არის ცილისწამება, ჭორაობა და უღირსი საქციელი, რომელიც არ ეკადრება არცერთ ადამიანს და მითუმეტეს ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია და ამბიცია აქვს, იყოს კანონმდებელი ამ ქვეყანაში. ძალიან ცუდია, როცა ადამიანებს მეტი სათქმელი არაფერი აქვს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს ამ პარტიის სტილია",-განაცხადა სუბარმა.