სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი იმედოვნებს, რომ სპორტი და სიყვარული ხელისუფლებას და ოპოზიციას გააერთიანებს.
„მე მინდოდა, სპორტის შესახებ მესაუბრა, მაგრამ ცოტა განსხვავებულ კონტექსტში მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თავი. სულ რაღაც ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ პარლამენტში მოვხვდებოდი, ძალიან გამიკვირდებოდა. იმიტომ რომ ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა პარლამენტის წევრობა. მე ვიყავი პროფესიონალი ჩემს დარგში, ჩემს სფეროში და მე დღეს ჩემს ახალ თანაგუნდელებთან ერთად ზუსტად ის მაერთიანებს, რომ ისინიც არიან პროფესიონალები. ჩვენ გვაერთიანებს ღირსება და თავისუფლება, რომლის გარშემოც გაერთიანდა „ქართული ოცნების" ახალი გუნდი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
ყაველაშვილმა სპორტისა და ახალგაზრობის საკითხთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს წარმატება უსურვა. ამასთან, აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო აუცილებლად შეასრულებს მაკონტროლებლის ფუნქციას.
„მინდა რომ, 4 წლის შემდეგ სპორტი იყოს მთავარი მოვლენა... უმცირესობასაც მივმართავ, შეიძლება ჩვენი გამაერთიანებელი სპორტი იყოს. ვიცი რომ, საქართველოში შეიძლება ძალიან მცირე რაოდენობა იყოს ადამიანების, ვისაც შეიძლება, რაიმე შეხება და სიყვარული არ ჰქონდეს სპორტის. ყველას მოგმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა, მაინც მგონია, რომ სპორტის მნიშვნელობა არასათანადოდ არის შეგრძნებული და მიმაჩნია, რომ სპორტს შეუძლია ძალიან ბევრი წარმატების მოტანა ქვეყნისთვის და მინდა ამაში გავერთიანდეთ. ვისაც შინაგანი კულტურა გაგვაჩნიამ აუცილებლად უნდა დავიცვათ ეთიკა. უმცირესობას მოგმართავთ, საშიშროება გაჩნდა და ადამიანები იხსენებდნენ, ოღონდ ის არ დაბრუნდეს და თქვენ კვლავ გააერთიანეთ თქვენდა სამწუხაროდ საქართველო და იქნებ დღეს მაინც დაფიქრდეთ ამ საკითხზე; იქნებ სხვა კონტექსტში გადავიტანოთ ჩვენი ურთიერთობა. მინდა სიყვარული გამოვხატო და სიყვარულმა გაგვაერთიანოს სპორტთან ერთად", - დასძინა მიხეილ ყაველაშვილმა.